თავში

ვინ მეტს ხარჯავს საქართველოში

ვინ მეტს ხარჯავს საქართველოში
ვინ მეტს ხარჯავს საქართველოში

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია საერთაშორისო ვიზიტორებთან დაკავშირებით ოფიციალურ სტატისტიკას ეხმაურება. როგორც ის report.ge-თან აღნიშნავს, რამდენიმე დეტალია, რაშიც კვლევის ავტორებს არ ეთანხმება, მათ შორის, მაღალხარჯიან ტურისტებთან მიმართებაში. 

,,მნიშვნელოვანია, სწორად გავიგოთ,  რომელია მხარჯველი  და არამხარჯველი ტურისტი. ვიზიტორი, რომელიც შედის 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, უკვე მხარჯველია. თუნდაც, რომ მეტი არ დახარჯოს, 300-400 დოლარს მარტო ცხოვრებისთვის ხარჯავს, აქ არის გასათვალისწინებელი სათამაშო ბიზნესის ფორმა, სასტუმროებში განთავსებული კაზინოები მუშაობენ აქტიურად, რაც ტურისტს ასევე აინტერესებს. ბევრიც ძირითადად გასართობი ტურიზმით არის. არ არის მარტივი, რომ ქვეყანამ მხარკველი ტურისტი მოიზიდოს, საბერძნეთიც კი, რომელიც ჩვენთან შედარებით, განვითარებული ქვეყანაა, ამ მხრივ პრობლემას აწყდება. რაც შეეხება ტურისტებს ქვეყნების მიხედვით, ვერ გავიზაიარებ მოსაზრებას, რომ საქართველოში რუსები ნაკლებ ფულს ხარჯავენ. ასე ნამდვილად არ არის. ბოლო დროს არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა, თითქოს, ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც ნაკლებად უშვებენ რუს ტურისტებს, მაგრამ მათ კვლევებს გავეცანი და აღმოჩნდა, რომ ბალტიისპირეთში ბევრი რუსია. ტაჯიკეთიც კი, რომელიც პატარა ქვეყანა, ყოველწლიურად 1,2 მილიონ რუს ტურისტს მასპინძლობს. თვითონ ამერიკელების რაოდენობა რამდენია და რამდენს ხარჯავენ დღეში, ესეც არის მნიშვნელოვანი. ერთი ამერიკელი გვირჩევნია ერთ რუსს, მაგრამ ისინი არ ჩამოდიან, ხოლო ერთი ტურისტის ხარჯს არ შეუძლია დიდი მოგების მოტანა, სარგებელი მოაქვს მხოლოდ დიდი რაოდენობის ხალხს. ამ თვალსაზრისით, მართალია, საამიროები ბევრს ხარჯავენ, მაგრამ მათ გართობის და მოგზაურობის სხვა ინტერესები აქვთ. ებრაელებიც კი, მიუხედავად, რომ მდიდარი ხალხია, საქართველოში არ ჩამოვლენ, გარდა მოთამაშე ან აქედან წასულებისა, რომლებსაც არც ისე ბევრი ფული აქვთ, მაგრამ უყვართ საქართველო", - ამბობს ნიკა კვარაცხელია.

პროფესორის მხარჯველი ტურისტების რანგში განიხილავს აზერბაიჯანელებსაც და ეჭვობს, რომ მათ მიერ დახარჯული თანხა სტატისტიკურ მონაცემებში სათანადოდ ვერ აისახა.

,,მხარჯველი ტურისტი განსაკუთრებული კატეგორიაა. საქართველო ასეთი მოგზაურებით დიდად განებივრებული არ არის. თუმცა აშკარად უნდა გამოვყოთ აზერბაიჯანელი, თურქი და ებრაელი ტურისტები. განსაკუთრებით აზერბაიჯანელი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულს ხარჯავენ, მაგრამ რატომღაც არ ჩანს ოფიციალურ სტატისტიკაში. ვფიქრობ, გამოთვლილი არ არის საფუძვლიანად, რამდენი დაიხარჯა აზერბაიჯანელი დამსვენებლების მიერ საქართველოში", - დასძენს report.ge-თან ნიკა კვარაცხელია.

საქართველოში მხარჯველი ტურისტების სიმცირეზე საუბრობენ ტურისტულ კომპანიებშიც.  

,,რაც არ უნდა სურვილი გვქონდეს, ჯერჯერობით საქართველოს კი არ შეუძლია ტურისტებს მაღალი დონის მომსახურება შესთავაზოს, სანახაობა არის, მაგრამ მომსახურების დონე ევროპულს ბევრად ჩამორჩება, ფასებით კი ევროპულს ვუტოლდებით. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე კი ფულიანი ტურისტის მოზიდვა ძალიან გაუჭირდებათ. ვისაც ფული აქვს წავა სხვა ქვეყანაში, რადგან ძალიან მაღალი დონის მომსახურებას მოითხოვს, რომელსაც საქართველოში ვერ მიიღებს", - ამბობს ნატალია კლიმიაშვილი, ტურისტული კომპანიის „ინვენიო თრეველის“ დამფუძნებელი და დირექტორი.

2021 წლის თებერვალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები წლიურად 91%-ით შემცირდა. 2020 წელს საქართველოში სულ 1.7 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 81%-იან შემცირებას ნიშნავს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ტურისტული სექტორის დანაკარგმა 2020 წელს $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2019 წელს კი ქვეყანას 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა და ტურიზმმა ქართულ ეკონომიკას $3.2 მილიარდიანი შემოსავალი მოუტანა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშში დათვლილია, რა თანხას ხარჯავენ საშუალოდ უცხოელი ვიზიტორები ერთი ვიზიტის დროს საქართველოში. გამოკითხული უცხოელებიდან საქართველოში ყველაზე მეტი ამერიკელ ვიზიტორებს აქვთ დახარჯული. ერთ ვიზიტზე მათი ხარჯი საშუალოდ 3,813 ლარია, როცა რუსი ვიზიტორების საშუალო დანახარჯი სამჯერ მცირეა და 1,282 ლარს უტოლდება, თუმცა ქვეყანაში 2019 წელს ჯამურად ბევრად მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა და ამიტომაც რუსი სტუმრების ჯამური ხარჯი აჭარბებს ამერიკელი სტუმრების ჯამურ დანახარჯს, ანუ საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუს ვიზიტორებზე უფრო მაღალი იყო და 2.1 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ამერიკელი ვიზიტორების ხარჯი საქართველოში 10-ჯერ ნაკლებია და 227 მილიონ ლარს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system