თავში

საოკუპაციო ხაზთან ანტონ ფურცელაძის მამაპაპისეული სახლის აღდგენა იწყება

საოკუპაციო ხაზთან ანტონ ფურცელაძის მამაპაპისეული სახლის აღდგენა იწყება
საოკუპაციო ხაზთან ანტონ ფურცელაძის მამაპაპისეული სახლის აღდგენა იწყება

საოკუპაციო ხაზთან გამოჩენილი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ანტონ ფურცელაძის მამაპაპისეული სახლის აღდგენა იწყება. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში ანტონ ფურცელაძის სახლი დაათვალიერა.

"ანტონ ფურცელაძის შთამომავლებთან ერთად მინისტრი ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას. როგორც გაირკვა, სახლი და მისი უნიკალური მარანი განადგურების პირასაა. 

მისი აღდგენის შესახებ მოთხოვნას ოჯახი მრავალი წელია აყენებდა, ორი წლის წინ გაკეთდა პროექტიც, მაგრამ სამუშაოები არ განხორციელებულა.

მინისტრის ადგილზე ვიზიტის შედეგად შედგა შეთანხმება, რომ განხორციელდება ანტონ ფურცელაძის სახლის აღდგენა.

ამასთან, მწერლის ოჯახი თანახმაა, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შენობაში გამოიყოს სივრცე, სადაც მოეწყობა მულტიკულტურული ცენტრი და ამ სივრცით არა მხოლოდ სოფელ არბოს, არამედ მიმდებარე სოფლების მკვიდრ ახალგაზრდებს შეეძლებათ სარგებლობა. 

ამასთან, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მწერლის სახლი სულ რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული საოკუპაციო ხაზიდან და ამ გარემოების გათვალისწინებითაც უაღრესად მნიშვნელოვანია მწერლის სახლის აღდგენა და ამ სივრცეში კულტურული კერის გაჩენა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system