თავში

დღეს პარლამენტს პრემიერ-მინისტრის წერილობითი ანგარიში წარედგინება

დღეს პარლამენტს პრემიერ-მინისტრის წერილობითი ანგარიში წარედგინება
დღეს პარლამენტს პრემიერ-მინისტრის წერილობითი ანგარიში წარედგინება

დღეს პარლამენტის ბიუროს, სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე პრემიერ-მინისტრის წერილობითი, 151-გვერდიანი ანგარიში წარედგინება.

ამავე დოკუმენტით ირაკლი ღარიბაშვილი პლენარულ სხდომაზეც წარსდგება. პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს ბიურო განსაზღვრავს.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია კორონავირუსით გამოწვეულ გავლენასა და მთავრობის კონკრეტულ ნაბიჯებზე.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ არსებობს პროგრესი სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული 4 საკვანძო მიმართულებით და ესენია: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის მარტიდან საქართველოში ეკონომიკის დასტაბილურება და ზრდა შეინიშნება.

“მიუხედავად ამისა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და შემცირებული ეკონომიკური აქტივობების ფონზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ ერთი მხრივ, არ შეჩერდეს ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების რეფორმები, ხოლო მეორე მხრივ, მოკლევადიან პერიოდში დაეხმაროს მოსახლეობას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, ახალი გამოწვევების დაძლევაში. 

მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ისტორიული მიზნის - საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. იდგმება გეგმაზომიერი ნაბიჯები, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. საანგარიშო პერიოდში უფრო ინტენსიური გახდა თანამშრომლობა, როგორც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ასევე ინსტიტუციურ ჭრილში. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ნატოსთან თავსებადობის ასამაღლებლად და გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. უმაღლეს დონეზეა აყვანილი ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რისი დასტურიცაა ქვეყნისათვის ორპარტიული მხარდაჭერის აქტები და საქართველოსთვის გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსება.

მთავრობა იყენებს ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტსა და საერთაშორისო ფორმატს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებისთვის. გრძელდება მუშაობა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციისგან მომავალი გამოწვევების დასაძლევად. ამასთან, ფართოვდება და პრაქტიკაში უფრო აქტიურად ხორციელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობისთვის.

მიმდინარეობს რეფორმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების მიზნით. იდგმება ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ. გრძელდება რეფორმები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პენიტენციური სისტემის მიმართულებით. დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესის კვალდაკვალ, ყალიბდება და ძლიერდება ინსტიტუციური მექანიზმები ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფისთვის. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მარტიდან შეინიშნება ეკონომიკის დასტაბილურებისა და ზრდის პოზიტიური ნიშნები. წინა წელთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა მარტში 4%-ით, ხოლო აპრილში 44.8%-ით გაიზარდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-აპრილის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8.1%-ს გაუტოლდა. სექტორულ ჭრილში ზრდა შეინიშნება დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების მიმართულებებით. ამასთან, აპრილში 93.4%-ით არის გაზრდილი დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. ასევე გაზრდილია ექსპორტის მაჩვენებლები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მასში მკვეთრად არის გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტის წილი.

დამატებით, 2021 წლის თებერვლიდან მთავრობამ დაიწყო მუშაობა ქვეყნის პოსტ-პანდემიური ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე“, - ვკითხულობთ პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს განათლების, სოციალური და ჯანდაცვის სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, რაც თავის მხრივ, ადამიანური კაპიტალისა და შესაბამისად, მდგრადი ეკონომიკური განვითარების საფუძველია. როგორც პრემიერი აღნიშნავს, მთავრობა დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამ მიმართულებებით უფრო ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბებისთვის.

“პანდემიამ სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველოს ჯანდაცვის სექტორი. თუმცა მთავრობის აქტიური ნაბიჯების შედეგად ხდება ეპიდემიის ეფექტიანი მართვა და ჯანდაცვის სერვისების შეუფერხებელი მიწოდება. ამასთან, გრძელდება ჯანდაცვის სექტორში ინიცირებული სისტემური რეფორმები. შეზღუდვებით გამოწვეული სოციალური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, მთავრობამ ჩამოაყალიბა სოციალური დაცვის ისეთი მექანიზმები, რომლებიც, ერთი მხრივ, ფარავს უნივერსალურ საჭიროებებს და ამავდროულად, ყურადღებას გაამახვილებს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე.

სირთულეების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების სისტემა, მთავრობის ძალისხმევით, სწრაფად ადაპტირდა პანდემიით გამოწვეულ საჭიროებებზე, რამაც შესაძლებელი გახადა განათლების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა თითოეულ დონეზე.

პარალელურად, ასევე გრძელდება განათლებისა და მეცნიერების სისტემური რეფორმა. 2021 წლიდან, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და დასახული იქნა ამბიციური რეფორმების განხორციელება თითოეული მიმართულებით.

სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობამ, საჯარო მმართველობის პირველი ტალღის დასრულების შემდეგ, დაიწყო რეფორმის მეორე ტალღაზე მუშაობა, რომლის მიზნებია ეფექტიანი, შედეგებსა და მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო სექტორის ჩამოყალიბება.

გრძელდება პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების პროცესი, მთავრობის ერთიანი მიდგომით, შედეგებზე ორიენტირებული მართვისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პრაქტიკის განმტკიცების მიზნით. ქმედითი ნაბიჯები იდგმება საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარებისა და პანდემიურ პირობებთან მათი უნარების ადაპტირებისთვის. ასევე გრძელდება დეცენტრალიზაციისა და სახელმწიფო სერვისების მოდერნიზების პროცესები.

მსოფლიო და რეგიონულ დონეზე საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარების კუთხით. გრძელდება ღია მმართველობის პარტნიორობაში (Open Government Partnership - OGP) საქართველოს, როგორც მმართველი კომიტეტის წევრი ქვეყნის, აქტიური მონაწილეობა გამჭვირვალობის მიმართულებით. 2020 წელს გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2019 კვლევის (Open Budget Survey –2019) შედეგების მიხედვით, საქართველო კვლავ მოწინავე მე-5 ადგილს იკავებს მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი პარლამენტისთვის წარდგენილ ყოველწლიურ წერილობით ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system