თავში

დიმიტრი ხუნდაძე: დროა გამოვასწოროთ შეცდომა და გადავიდეთ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე

დიმიტრი ხუნდაძე: დროა გამოვასწოროთ შეცდომა და გადავიდეთ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე
დიმიტრი ხუნდაძე: დროა გამოვასწოროთ შეცდომა და გადავიდეთ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება და უმოკლეს ვადებში შეიმუშავებს ინიციატივას, რომელსაც წარუდგენს პარლამენტს, რომ ქვეყანა სრულად გადავიდეს მაჟორიტარულ არჩევით სისტემაზე 2020 წლისათვის.

მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი და ქართველი ხალხი პირდაპირი წესით, უკეთეს არჩევანს გააკეთებს, მაჟორიტარები იქნებიან კარგად ამოცნობადი და ისინი ვერ ამოეფარებიან ვერც ერთ პარტიას, რომელთა დასახელებები არის საკმაოდ ჭრელი და ზოგჯერ ამომრჩეველი იბნევა, თუ ესა თუ ის კონკრეტული პოლიტიკოსი რომელი პარტიის უკან დგას.

„მე ვფიქრობ, ეს მოდელი არის ყველაზე საუკეთესო, ის რა სისტემაც შეიძლება იყოს ქვეყანაში. ასევე ვფიქრობ საამაყო არაფერია იმაში, რომ ქვეყანა 2024 წლიდან გადადის პროპორციულ სისტემაზე. მეც და ბევრი სხვა მაჟორიტარიც ფიქრობს, რომ მაშინ, როდესაც აღნიშნულ ინიცირებას მხარი დავუჭირეთ, იყო შეცდომა და ვფიქრობ, რომ დროა გამოვასწოროთ ეს შეცდომა და გადავიდეთ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, თანამოაზრეებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყნის პარლამენტი დააკომპლექტოს უშუალოდ ხალხმა და სისტემა იყოს სრულად მაჟორიტარული, ხელისუფლების წყარო გახდეს უშუალოდ ამომრჩეველი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა სწორი საარჩევნო სისტემით წარსდგეს 2020 წელს. 

მისი თქმით, ასეთი საარჩევნო სისტემის შეთავაზება სწორედაც რომ თვით მოქალაქეებისათვის, მათივე და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ხდება.

„როდესაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ კანონპროექტი შევაჩერეთ, მაშინ ავიღეთ პასუხისმგებლობა და განვმარტეთ კიდეც, რომ გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ გარკვეული რყევები, გარკვეული უკმაყოფილებები, ხმაური იქნებოდა, მაგრამ სჯობს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური განვითარების საშუალება და არა ჩვენ ვიცხოვროთ მოკლევადიანი ეფექტებით“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system