თავში

DRI: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები რეპრესიულია

DRI: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები რეპრესიულია
DRI: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები რეპრესიულია

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადმინისტრაციული კოდექსის კანონმდებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში განხორციელებული ცვლილებები რეპრესიულია.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იზიარებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წუხილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, და მიაჩნია, რომ ცვლილებები რეპრესიულია და ემსახურება ერთადერთ მიზანს - შეზღუდოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ 26 აპრილს დარეგისტრირებული კანონპროექტი ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ სამ დღეში - 29 აპრილის მიიღო.

ცვლილებები შეეხო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლს - 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა), რომლებსაც პოლიცია ყველაზე ხშირად და დაუსაბუთებლად იყენებს საპროტესტო აქციების მონაწილეების დასაკავებლად. 2019-2020 წლებში საპროტესტო აქციებზე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებამ ცხადყო, რომ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს, როგორც წესი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სწორედ ზემოთაღნიშნული ორი მუხლის საფუძველზე აკავებდნენ; უმრავლეს შემთხვევებში - უსაფუძვლოდ, იდენტური და შაბლონური სამართალდარღვევათა ოქმებით.

შემოთავაზებულმა ცვლილებებმა ისედაც არაპროპორციულად მკაცრი პასუხისმგებლობის ზომა კიდევ უფრო დაამძიმა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი სახდელები ვერ უზრუნველყოფდა სამართალდარღვევის ჩადენის პრევენციას; მაშინ როდესაც, ცვლილებამდე რედაქციის მიხედვით, ჯარიმების ოდენობა ისედაც არაპროპორციულად მაღალი, კერძოდ, 166-ე მუხლის შემთხვევაში, 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო 173-ე მუხლთან მიმართებაში, 1000-დან 4000 ლარამდე იყო. 

გარდა ამისა, ცვლილებებმა მოსამართლეს წაართვა შესაძლებლობა, განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობა და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლოს. განმეორებით სამართალდამრღვევი პირისთვის ცვლილებებმა შემოიტანა გაზრდილი ჯარიმა და გარდაუვალი გახადა 5-დან 15 დღემდე პატიმრობა. 

კანონპროექტის შინაარსიდან და მისი უკიდურესად დაჩქარებული ტემპით მიღებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს კიდევ უფრო რეპრესიული შინაარსი შესძინოს პრაქტიკაში კუმულაციურად არაერთხელ გამოყენებულ ნორმებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებებით მოხდა სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების მოთხოვნის უგულებელყოფა - 1984 წელს მიღებული საბჭოთა კოდექსის ფუნდამენტური რეფორმის ნაცვლად, ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირთა მიმართ არაერთხელ გამოყენებული ნორმები უფრო რეპრესიული გახდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system