თავში

კონგრესის კომიტეტმა დაამტკიცა აქტი, რომლითაც შესაძლოა, საქართველოს დახმარება შეუმცირდეს

კონგრესის კომიტეტმა დაამტკიცა აქტი, რომლითაც შესაძლოა, საქართველოს დახმარება შეუმცირდეს
კონგრესის კომიტეტმა დაამტკიცა აქტი, რომლითაც შესაძლოა, საქართველოს დახმარება შეუმცირდეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

აღნიშნულ პროექტში საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეც არის საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით. მათ შორის საუბარია უცხოური ბიზნესის დევნისგან თავისუფალი საქმიანობის, ასევე საქართველოში ჩადებული ინვესტიციების შედეგად მიღებული კომერციული და ფინანსური სარგებლის სრული რეალიზების უფლებების დაცვაზე.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. კერძოდ, ნათქვამია, რომ დოკუმენტით გათვალისწინებულ დაფინანსებას ვერ მიიღებს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას ან/და აღნიშნულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული. ასევე, აღნიშნული კანონპროექტით გამოყოფილი რამე დაფინანსება არ შეიძლება, გამოყენებული იყოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

დოკუმენტის მიხედვით, სახაზინო მდივანმა აშშ-ის თითოეული ფინანსური ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს უნდა მისცეს ინსტრუქცია, გამოიყენონ ხმა, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ ისეთი ინსტიტუტის მხარდაჭერას, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

კანონპროექტში საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად აშშ-ის კრიტიკული მნიშვნელობის მოკავშირედაა მოხსენიებული, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინა ხაზზე იმყოფებიან. ასევე აღნიშნულია, რომ მოკავშირეების უსაფრთხოება და სტაბილურობა პირდაპირ გავლენას ახდენს აშშ-ზე.

დაფინანსება გათვალისწინებულია კიბერუსაფრთხოების, ნარკოტიკების კონტროლისა და სამართალდამცავი სტრუქტურისთვის, ასევე სამხედრო სფეროსთვის.

კომიტეტის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი დამტკიცდა 29 ხმით 21-ის წინააღმდეგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system