თავში

მედიკამენტებით ხელისუფლებამ სააკაშვილის დასუსტება სცადა - ადვოკატი

მედიკამენტებით ხელისუფლებამ სააკაშვილის დასუსტება სცადა - ადვოკატი
მედიკამენტებით ხელისუფლებამ სააკაშვილის დასუსტება სცადა - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი არ გამორიცხავს, რომ ექპსრეზიდენტისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების მიცემის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვონ. შოთა თუთბერიძის თუ იქნება, იმის საფუძველი, რომ ადვოკატებმა მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს და მოითხოვონ გამოძიების დაწყება, დაცვის მხარე ამას გააკეთებს.

როგორც თუთბერიძე ამბობს, სააკაშვილს ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა, რაც მისივე თქმით, აძლიერებს ეჭვს, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის დასუსტება ან მისი უნარების შეზღუდვა სცადა, რათა მას სასამართლოში მისვლა ვერ შეძლებოდა. 

„ჩვენ სამედიცინო ისტორიაზე სრული წვდომა არ გვქონდა. ბევრჯერ მოვითხოვეთ, რამდენჯერმე გვქონდა განცხადება დაწერილი, მაგრამ პასუხი ამაზე, სამწუხაროდ, არ მიგვიღია. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე კონსილიუმის შექმნის პირველი დღიდან ითხოვდა ფსიქიატრის ჩართულობას. „ქართული ოცნების“ სპიკერებმა ამას მიაბეს, თითქოს სააკაშვილს ჰქონდა მენტალური პრობლემები, თუმცა არა, სწორედ ფსიქიატრის ჩართულობა იყო საჭირო იმისთვის, რომ მას შეეფასებინა დანიშნული მედიკამენტების საჭიროება. დაცვის მხარეს შესაძლებლობა, რომ პროფესიულად და სრულად გამოეკვლია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა და შეეფასებინა დანიშნულება, არ ჰქონია. ადვოკატები, ბუნებრივია, რომ არ ვართ პროფესიონალი ექიმები, ხოლო პირადი ექიმი, რომელიც ითხოვდა ფსიქიატრის ჩართვას კონსილიუმში, დარჩა ყურადღების მიღმა. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, კომბინაციაში, ბუნებრივია, როცა „ემპათიის“ ხელმძღვანელისგან ვისმენთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა მიხეილ სააკაშვილს ისე, რომ შესაძლოა, ეს საჭირო არ ყოფილიყო. ბუნებრივია, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მიხეილ სააკაშვილის გარკვეულწილად დასუსტება ან მისი უნარების შეზღუდვა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ შეძლებოდა სასამართლოში მისვლა, ყველაზე კარგ შემთხვევაში. ყველაზე უარეს შემთხვევაში, უფრო შორს მიმავალი გეგმებიც არსებობდა...

პირველ რიგში, ჩვენ ველოდებით, რომ მივიღოთ სამედიცინო მოსაზრება, რომელიც იქნება დასაბუთებული. იქამდე რაც არ უნდა გელაპარაკოთ ჩვენს სამომავლო გეგმებზე, იქნება მარჩიელობა. თუ გვექნება იმის საფუძველი, რომ მივმართოთ სამართალდამცავ უწყებებს და მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ, თუ იქნება ადამიანის უფლებების დარღვევა, ცხადია, რომ გამოვიყენებთ სტრასბურგში და უფრო მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ თუ სამედიცინო მოსაზრება ამას დაადგენს, ეს იქნება ძალიან ძლიერი არგუმენტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ძალიან დიდი ფასის გადახდის საფუძველი საქართველოს სახელმწიფოსთვის სტრასბურგის სასამართლოში,“- განაცხადა ადვოკატმა.

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არასაჭირო მედიკამენტები ჰქონდა დანიშნული. მისივე თქმით, დანიშნულებაში ფიგურირებს ძლიერი ფსიქოტროპული პრეპარატები, რომელიც მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს და მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიურ სტატუსს არ აუმჯობესებს.

ჯიშკარიანის განცხადების საპასუხოდ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს სააკაშვილმა გადაიტანა კოვიდი და ძილის პრობლემების გამო დანიშნული ჰქონდა ფსიქოტროპული პრეპარატები. ექიმის თქმით, მის მიერ მიღებული მედიკამენტების დოზები იყო მინიმალური და დასაშვები.

სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, აღნიშნული პრეპარატი მას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაუნიშნეს, თუმცა გორის ჰოსპიტალში დოზების გაზრდას გეგმავდნენ. ყიფშიძის მტკიცებით, საუბარია პრეპარატის ათჯერ მეტი დოზის დანიშვნაზე. როგორც ყიფშიძე განმარტავს, მისი გადაწყვეტილებით ესპრეზიდენტმა პარასკევს ამ პრეპარატის მიღება შეწყვიტა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system