თავში

"მომავალს იმედით ვხვდებით" - პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვა

"მომავალს იმედით ვხვდებით" - პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვა
მომავალს იმედით ვხვდებით - პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას, პარლამენტის სახელით, ახალი წლის დადგომას ულოცავს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, 2022 წელს პარლამენტი აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ხელს შეუწყობს ევროპულ ოჯახში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას და უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას.

"ძვირფასო თანამოქალაქეებო!

საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ ახალ წელს და თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას. ახალ წელს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

ახალი წლის ღამეს ყველა თაობისთვის საყვარელი ტრადიციები ცოცხლდება და ყველა ოჯახში განსაკუთრებული გარემოა. მინდა, გამორჩეულად მივულოცო ახალი წელი ჩვენი ოჯახების ასაკოვან წევრებს, რომლებმაც ეს ტრადიციები შემოგვინახეს და ჩვენს ბავშვებს, რომლებიც ახალი წლის ღამის განსაკუთრებულობას არ გვავიწყებენ", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე მადლობას უხდის ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებსა და პედაგოგებს, რომლებიც, მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში იყვნენ მთავარი.

"დღეს, ყველა ერთად ვემშვიდობებით ურთულესი გამოწვევებით სავსე წელს და მომავალს იმედით ვხვდებით. პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში.

2022 წელს პარლამენტი, როგორც ხალხის ნების უშუალო განმახორციელებელი, აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ხელს შეუწყობს ევროპულ ოჯახში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას და უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას.სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო სახელმწიფოებრივი მიზნების გარშემო გაერთიანება; ამ პროცესში საქართველოს თითოეული მოქალაქის ჩართულობა და აქტიურობა კი - გადამწყვეტი. 

ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენ საერთო მომავალი გვაერთიანებს. მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური საფიქრალია საქართველოს ერთიანობა, წინსვლა და განვითარება. ამიტომ, დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ერთსულოვნება და ურთიერთთანადგომა სჭირდება. ეს არის ის, რასაც გვავალდებულებს ჩვენი საამაყო ისტორია, უნიკალური კულტურა და პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მომავლის წინაშე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და დარწმუნებული ვარ, რომ 2022 წელი ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობისა და განვითარების წელი იქნება", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system