თავში

მონებო, ვერ დამიჭერთ! - ნიკა მელია

მონებო, ვერ დამიჭერთ! - ნიკა მელია
მონებო, ვერ დამიჭერთ! - ნიკა მელია

მონებო, ვერ გამასამართლებთ! ის მონა - მურუსიძე რომ გელოდებათ შემდეგ ეტაპზე, ისიც ვერ გამასამართლებს, მონა ვერ გაასამართლებს ღირსეული საქართველოს ვერც ერთ მოქალაქეს, მორჩა და გათავდა, შეეგუეთ ამას! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გაერთიანებული კომიტეტების გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაჭერა რიგითი საკითხი არ არის. 

„ ვეღარ გამოძვრება 90, თუ რამდენი დეპუტატიც არის „ქართულ ოცნებაში“, ყველას მოუწევს ჩემთვის არა, ამ ქვეყნისთვის, ამ სახელმწიფოსთვის ბოდიშის თქმა, მართლა მოუწევთ ბოდიშის თქმა, რადგან ეს ხალხი, რომლებიც ახლა იყვნენ წარმოდგენილი კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას იმ პატარა დარბაზში, არ არიან დამოუკიდებელი ადამიანები. ადვოკატები რატომ არ შეუშვეს, რისი უფლებაც მათ ჰქონდათ? აპირებენ, მათი სურვილი ასეთია, დაიჭირონ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რიგითი ამბავი არ არის ხომ? დეპუტატი ფორმალურად, რომელიც ითხოვდა და უფლებამოსილება არ შეუჩერეს, რატომ არ დაუშვეს? იმიტომ რომ იქ კითხვები იქნებოდა და პასუხს ვერ გასცემდა ის პროკურორი, მაგრამ მე ვუპასუხებ აქედან ახლა. უსირცხვილოდ რომ საუბრობდა, შეთამაშებული კითხვა-პასუხი რომ იყო კითხეს, თუ მელია დასჭერი იყო, 2 თვე რას ელოდებოდითო? რა პასუხი გასცა? სანიმუშოდ იქცეოდა მთელი წელიწდანახევრის განმავლობაშიო და ამიტომ ვაცადეთ ორი თვეო. გეტყვით ახლა რა სანიმუშოდ ვიქცეოდი. იმ გადაწყვეტილებით, სადაც მე ერთ-ერთ პუნქტად სამაჯურის გაკეთება დამევალა, ასევე აკრძალული მქონდა სიტყვით გამოსვლა ნებისმიერ საჯარო სივრცეში და სახლიდან გამოსვლისას აუცილებლად პროკურორისთვის უნდა დამერეკა, თანხმობა მიმეღო და მერე გამოსვულიყავი. არც პროკურორს ვურეკავდი და კამპანია ჩავატარე ბოლო-ბოლო, ანუ იმ გადაწყვეტილებას ვარღვევდი იმ თავითვე, მაშინ რატომ არ ვიყავი დასაჭერი? ამ ადამიანებს ასე ჩვევიათ, ასე არიან იქ, „დამოკლეს მახვილს“ კიდებენ ადამიანებს, შეხედეთ, ესენი არიან მონები და ეს მონები მე ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია. მდინარაძე, თალაკვაძე, კობახიძე, ივანიშვილი, მურუსიძე ესენი არიან არასდროს ვიყენებდი ამ ფრაზას, ვცდილობდი მეთქვა, რომ უსიტყვო მორჩილებაში არიანო, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა, ესენი არიან მონები. მონებო, ვერ გამასამართლებთ, ის მონა - მურუსიძე რომ გელოდებათ შემდეგ ეტაპზე, ისიც ვერ გამასამართლებს, მონა ვერ გაასამართლებს ღირსეული საქართველოს ვერცერთ მოქალაქეს, მორჩა და გათავდა, შეეგუეთ ამას!“ - განაცხადა მელიამ.

პარლამენტის გაერთიანებულმა კომიტეტებმა მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. ასევე შეუჩერდეს სადეპუტატო იმუნიტეტი. 

საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ხმა წინააღმდეგ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა მისცა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის საქმე საპროცედურო საკითხთა და წესდებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს, ხოლო მოუხსნიან თუ არა ნიკა მელიას იმუნიტეტს, ამას დეპუტატები პლენარულ სხდომაზეც განიხილავენ და კენჭს უყრიან.

როგორც ცნობილია, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარს არ დაუჭერენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ნიკა მელიას მხრიდან გირაოს არგადახდის შემთხვევში, უმრავლესობა პროკურატურის მიმართვას დააკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა.

უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ თუ ვინმე მის ნაცვლად გირაოს გადაიხდის, ეს იქნება "ქართული ოცნების" მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system