თავში

NATO-ს ასეთი სტრატეგია ფეთქებადსაშიშია - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლება

NATO-ს ასეთი სტრატეგია ფეთქებადსაშიშია - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლება
NATO-ს ასეთი სტრატეგია ფეთქებადსაშიშია - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერს მიმართავს. 

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ალიანსს მოუწოდებს, უარი თქვას „ორმაგი სტანდარტების პრაქტიკაზე და რეგიონის ქვეყნების მეგობრებად და მტრებად დაყოფაზე”.

მათვე მტკიცებით, NATO-ს ამგვარი სტრატეგია სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში „ფეთქებად საშიშია.“

„იენს სტოლტენბერგის თქმით, ისეთი ქვეყნების სუვერენიტეტი, როგორიცაა საქართველო ან უკრაინა, NATO-სთვის წმინდაა და ალიანსის ხელმძღვანელის სიტყვებით, მზადაა დაიცვას ეს ქვეყნები ნებისმიერი, თუნდაც წარმოსახვითი ხელყოფისაგან. NATO-ს ლიდერი საქართველოსა და უკრაინის უფლების, თავად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი, ეჭვქვეშ დაყენებას ფიქრებშიც კი არ უშვებს. ამავე დროს, სტოლტენბერგის ლოგიკით, არსებობენ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც NATO-ს კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და რომლებსაც, მისი აზრით, არ აქვთ უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ეჭვგარეშეა, რომ NATO-ს ხელმძღვანელობა აფხაზეთის რესპუბლიკას ამ უკანასკნელ კატეგორიას აკუთვნებს. 

საჭირო არ არის იმის აღნიშვნა, თუ როგორი ფეთქებადსაშიშია NATO-ს ასეთი სტრატეგია სამხრეთ კავკასიის მიმართ. დღეს ეს სტრატეგია დასავლური ალიანსის მიერ საქართველოსთან ერთად გამართულ რეგულარულ წვრთნებსა და თბილისის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში გამოიხატება. 2008 წლის მოვლენები ბრწყინვალე შეხსენებას უნდა წარმოადგენდეს ბრიუსელისა და ვაშინგტონისთვის იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება საქართველოსთან ფლირტს და დასავლეთის სამხედრო ბლოკში მის შეთრევას,” – ნათქვამია ე.წ. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს, დაბლოკოს ან შეაჩეროს სუვერენული სახელმწიფოს NATO-ში გაწევრიანება. სტოლტენბერგის თქმით, საკითხი მხოლოდ საქართველოსა და ალიანსს ეხება, რასაც რუსეთი ხელს ვერ შეუშლის.

„გაწევრიანდება თუ არა საქართველო NATO-ში, ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს და ალიანსს ეხება. სხვა ყველაფერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების ხელყოფა იქნება. ის, რაც რუსეთმა გააკეთა, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, მიუღებელია. იგივე ეხება, რა თქმა უნდა, უკრაინას: ყირიმის უკანონო ანექსია და დონბასის დესტაბილიზაცია არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლითაც მშვიდობიან და სტაბილურ მსოფლიოს ვქმნით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ვირტუალურ კონფერენციაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system