თავში

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი - მორიგი სამმხრივი შეხვედრა

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი - მორიგი სამმხრივი შეხვედრა
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი - მორიგი სამმხრივი შეხვედრა

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მორიგი სამმხრივი შეხვედრა, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული ფორმატის ფარგლებში შეხვედრები 2014 წლიდან ტარდება და წელს მისი ჩატარება თბილისში იყო დაგეგმილი, რაც კოვიდ 19-ით გამოწვეული ვითარების გამო ვერ მოხერხდა.

„შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ვოლქან ბოზქირი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საგარეო და საპარლამენტთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე, სამად სეიდოვი. კომიტეტის თავმჯდომარეებმა რეგიონში არსებული ვითარება, სამმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პანდემიის თვალსაზრისით საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში არსებული ვითარების და საპასუხოდ გატარებული ზომების განხილვას. ხაზი გაესვა ამ სფეროში სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ დერეფნის ფარგლებში სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე საუბარს, როგორც სამი ქვეყნის ეკომონიკური განვითარებისთვის, ასევე, ამ ქვეყნების და ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის ამ პროექტების მნიშვნელობას და ამ კუთხით თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობებს. განიხილეს სამ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის განსაკუთრებული როლი პოსტკრიზისულ პერიოდში, სამი სტრატეგიული პარტნიორის ეკონომიკის შესაბამისი დარგების ნორმალური ფუნქციონირებისა და მდგრადი განვითარებისთვის.

მხარეებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, აღნიშნეს კონფლიქტების სწრაფი მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, კერძოდ, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის შესაბამისად, რაც ასევე აღნიშნულია საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მიერ ხელმოწერილ 2018 წლის 28 თებერვლის ანკარის პროტოკოლში. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არ აღიარებენ აფხაზეთის, ცხინვალის და მთიანი ყარაბაღის რეგიონებში ჩატარებულ უკანონო ე.წ. არჩევნებს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამმხრივი შეხვედრების ფორმატის მნიშვნელობა სამ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და მისი შემდგომი განმტკიცების კუთხით.

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების რიგით მე-6 სამმხრივი შეხვედრა თურქეთში გაიმართება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system