თავში

საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე - ღარიბაშვილი

საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი
საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე - ღარიბაშვილი

სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ერევანში ოფიციალური ვიზიტისას, მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება.

"ჩვენ ვართ მზად, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონული დიალოგის წარმართვას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა, სხვა ჰუმანიტარული საკითხები. სწორედ სტაბილურობის, მშვიდობის, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების მიზნით აირჩია ქართველმა ხალხმა ევროპული და ევროატლანტიკური გზა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

„ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას, გვქონდეს ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი. შევეხეთ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ახალ პროექტებს. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და უკვე არსებული ინტენსიური ურთიერთობების მიუხედავად, ჯერ კიდევ არის დიდი პოტენციალი არაერთი მიმართულებით.

სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდება და სომეხი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system