თავში

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს სურთ, რეფორმების გაგრძელება იხილონ - კელი დეგნანი

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს სურთ, რეფორმების გაგრძელება იხილონ - კელი დეგნანი
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს სურთ, რეფორმების გაგრძელება იხილონ - კელი დეგნანი

ახლა, როდესაც არჩევნები დასრულდა, არის იმედი, რომ ყველა პარტია კვლავ შეძლებს გაერთიანებას და კონსტრუქციულად მუშაობას რეფორმების შესასრულებლად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა,  რომელსაც ჟურნალისტებმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ შარლ მიშელის, ჟოზეფ ბორელისა და ოლივერ ვარჰეისადმი გაგზავნილი წერილის შესახებ ჰკითხეს. 

კელი დეგნანის თქმით, საქართველოსთვის ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება არის ბუნებრივი წინსვლა და იმედი გამოთქვა, რომ ამ მხრივ პროგრესი ძალიან მალე იქნება.

„საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, იქნება ეს ევროკავშირი, აშშ თუ სხვები, რომლებიც ნამდვილად ზრუნავენ და მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, სურთ, იხილონ რეფორმების გაგრძელება; იმ რეფორმების გაგრძელება, რომლებსაც საქართველო ახორციელებს ბოლო 20 წლის განმავლობაში, არის პროცესის ნორმალური ნაწილი. ვფიქრობ, ჩვენ ვიხილეთ ძალიან შთამბეჭდავი პროგრესი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ ეს გაგრძელდება, რადგან ყველამ იცის, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში, პარლამენტმა მიმართა რეკომენდაციებისთვის საერთაშორისო ექსპერტებს, როგორიცაა ვენეციის კომისია, ოდირ-ი და სხვა საერთაშორისო ექსპერტები. პარლამენტმა მიმართა რეკომენდაციებისთვის და ახლა რეკომენდაციები მრავალ საკითხში უნდა შესრულდეს. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, რამდენჯერმე შეთანხმდნენ, რომ ეს რეფორმები საქართველოს საუკეთესო ინტერესებს წარმოადგენს.

ვფიქრობ, რომ ახლა, როდესაც არჩევნები დასრულდა, არის იმედი, რომ ყველა ეს პარტია კვლავ შეძლებს გაერთიანებას და კონსტრუქციულად მუშაობას ამ რეფორმების შესასრულებლად, კანონმდებლობის დასამტკიცებლად და იმის შესანარჩუნებლად, რომ საქართველო წინ წავიდეს იმ გზაზე, რომლის სურვილიც გამოთქვა ქართველების უმრავლესობამ და ეს არის ქვეყნების ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაცია როგორც ძლიერი, სუვერენული ქვეყნის მდიდარი ისტორიით, რომელსაც შეუძლია ევროატლანტიკურ ოჯახში თავისი წვლილი შეიტანოს. საქართველოს ბევრი რამით შეუძლია წვლილის შეტანა, მას აქვს ევროპის ნაწილად ყოფნის ისტორია. ასე რომ, საქართველოსთვის ერების ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება არის ბუნებრივი წინსვლა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამ მხრივ პროგრესს ძალიან მალე ვიხილავთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელს მიმართავენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

წერილში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს და ძირს უთხრიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს განამტკიცოს ევროპული მომავალი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირი გამოიყენებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს, როგორც შესაძლებლობას შეახსენოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების. წერილის თანახმად, "პირობითობის" მექანიზმის გამოყენება, შესაბამისი დახმარების გამოყოფისას, არის ერთადერთი გზა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის იმ საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან დასაბრუნებლად, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი უჭერს მხარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system