თავში

"სირცხვილია" განცხადებას ავრცელებს

"სირცხვილია" განცხადებას ავრცელებს
სირცხვილია განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა "სირცხვილია" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, შიმშილობასა და ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განცხადებით ეხმაურება. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნულია, ნებისმიერი შედეგი, რომელთანაც არსებული პოლიტიკური პროცესი მიგვიყვანს, "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა იქნება.

მოძრაობის შეფასებით, ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და მისი პატიმრობის საკითხი ნათლად აჩვენებს ერთპარტიული მმართველობის ნაკლოვანებებს, რომელმაც ქვეყანა ავტორიტარულ რეჟიმამდე მიიყვანა. მათივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საკითხი არაჯანსაღი პოლიტიკური მოტივების საფუძველზე წყდება, რაშიც მთავარი პასუხისმგებელი პირი ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილია.

"მიუხედავად ნებისმიერი სახის პოლიტიკური გემოვნებისა, სირცხვილია ხელისუფლების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ გამოვლენილი ქცევა – პოლიტიკური დევნა, რომლის მიზანი არა მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ამავეს ღიად მიუთითებს ქვეყნის არაერთი მეგობარი და საერთაშორისო პარტნიორი. 

ამასთანავე, საგანგაშოა ციხის საავადმყოფოს მიერ შეთავაზებული არასათანადო სამედიცინო მომსახურება, რომელიც ვერ პასუხობს ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად წარმოშობილ სასიცოცხლო რისკებს, რასაც სახალხო დამცველის შეფასებაც ადასტურებს. 

ხელისუფლების ქცევა ამორალურია ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და მეორე მხრივ ციხის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომელთაც აიძულებენ აიღონ პასუხისმგებლობა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. 

ხელისუფლება ამგვარი ნაბიჯებითა და სიძულვილის ენის გამოყენებით ცდილობს, გააღრმაოს პოლიტიკური კრიზისი და საზოგადოების პოლარიზება. 

შესაბამისად, ნებისმიერ შედეგზე, რომელთანაც არსებული პოლიტიკური პროცესი მიგვიყვანს, პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს". - აცხადებს მოძრაობა სირცხვილია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system