თავში

თალაკვაძე ელჩებს თხოვნით მიმართავს

თალაკვაძე ელჩებს თხოვნით მიმართავს
თალაკვაძე ელჩებს თხოვნით მიმართავს

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მიმართავს და მოუწოდებს მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირალი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება.  თალაკვაძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ამ საკითხზე სპეკულაციების დასრულებას. 

მისი თქმით, ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია. 

მისივე განცხადებით, სპეკულაციებით დაიღალა საზოგადოება და დაიღალნენ უცხოელი ელჩებიც. 

“რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები არ იყო საჯარო, აგრეთვე იმით სარგებლობს, რომ დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს და სწორედ ამ ფაქტორს იყენებენ სპეკულირებისთვის. ამ სპეკულაციებით, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, დაიღალა საზოგადოება და დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები. 

ფასილიტატორმა ელჩებმა მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში ფასდაუდებელი და გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას მათი ძალისხმევის და მხარდაჭერის გამო, რამაც საქართველოში პირველად გახადა შესაძლებელი არჩევნების იმგვარი სისტემით ჩატარება, რომელიც პოლიტიკური პარტიების სრულ კონსენსუსს ეფუძნება. შემაშფოთებელია, რომ ელჩების ძალისხმევით მიღებული ეს შედეგი რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს, შესაბამისად ყოველგვარი სპეკულაციების დასასრულებლად და შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, ვთხოვთ მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოჰფინონ მოლაპარაკების შინაარს, კერძოდ, ვთხოვთ მათ, რომ საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება, ასევე ვთხოვთ მათ, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი ამ შეთანხმების შესრულების პროცესში”, - განაცხადა თალაკვაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა. ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე და ერთპროცენტიან ბარიერზე შეთანხმდა.

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობის ერთპარტიულ დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. აღნიშნულზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ხელი ორმხრივად მოეწერა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system