თავში

დათა პაპას დღეს დაკრძალავენ

დათა პაპას დღეს დაკრძალავენ
დათა პაპას დღეს დაკრძალავენ

სოფელ ხურვალეთის მკვიდრს, დათა ვანიშვილს, მავთულხლართების მეორე მხარეს მდებარე სოფლის სასაფლაოზე, დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვას მხოლოდ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნათესავები დაესწრებიან. 

დათა ვანიშვილის დაკრძალვა გუშინ იყო დაგეგმილი, თუმცა ერთ დღით გადაიდო. როგორც დათა პაპას მეუღლე, ვალია ვანიშვილი ამბობს, საფლავის გასათხრელად ხალხი არ ჰყავდათ.

,,წუხელ მოვიდნენ "ვილისით" და გვითხრეს, რაც საჭიროა, ყველაფერი გააკეთეთო. მთელი წინაგარა ფეხზე დადგა. ოსებშიც არიან კარგები და ქართველებშიც'' - ამბობს ვალია ვანიშვილი.

დათა ვანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გამყოფ ხაზთან ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოჯახის ახლობლები, ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები გარდაცვლილის მეუღლეს სამძიმარს მავთულხლართებთან უცხადებდნენ.

შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაწყებული უკანონო “ბორდერიზაციის” შედეგად ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ვანიშვილმა უარი თქვა სახლის დატოვებაზე და მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად, 12 წლის განმავლობაში გამყოფი ხაზის მიღმა ცხოვრობდა.

დათა ვანიშვილი აქტიურად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს. არ აღიარებდა დე ფაქტო რესპუბლიკას, აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებდა საკუთარი სახლი დაეთმო. დათა პაპა თავადაც არაერთხელ დააკავეს იმის გამო, რომ გამყოფ ხაზთან მისულ ვიზიტორებს ეკონტაქტებოდა და რამდენჯერმე მავთულხლართებიდან გადაპარვაც სცადა.

დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა, ის 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. მისი მეუღლის, ვალია ვანიშვილის თქმით, გარდაცვალებამდე დათამ სთხოვა, არ მიატოვოს ხურვალეთში მდებარე მათი სახლ-კარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system