თავში

გავბოროტდებით და მასაც გავაბოროტებთ - ირინა სარიშვილი

გავბოროტდებით და მასაც გავაბოროტებთ - ირინა სარიშვილი
გავბოროტდებით და მასაც გავაბოროტებთ - ირინა სარიშვილი

"საქართველო ბევრი წელია სიძულვილის მორევში იხრჩობა და სამწუხაროდ ამ სიძულვილის კერები კი არ იკლებს, მატულობს",- ასე ეხმაურება ირინა სარიშვილი სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ რეაქციებს. 

მისი თქმით, როცა ხისტი, კრიტიკული პოზიცია პიროვნულ შეურაცხყოფაში გადადის, ეს უკვე სიძულვილია არა კონკრეტული მოქმედების, არამედ ადამიანის მიმართ.

"არავის ჭკუას არ ვასწავლი, უბრალოდ, სამწუხაროდ, პირადად დიდი გამოცდილება მაქვს ამ მორევში ტრიალის და კარგად ვიცი, როგორ დავზარალდით ადამიანებიც და საქმეც ამის გამო.

სიძულვილზე უარის თქმა არ ნიშნავს საკუთარ პოზიციის დაცვაზე და შენთვის მიუღებელი პოზიციის კრიტიკაზე, სარკაზმზე და ირონიაზე უარის თქმას. უბრალოდ, ადამიანის ჭკუა, გარეგნობა არ იცვლება იმის მიხედვით, თუ რა პოზიცია აქვს მას.

გადადგა ვინმემ ჩვენთვის მიუღებელი ნაბიჯი? შევაფასოთ, გავაკრიტიკოთ, დავცინოთ, დავგმოთ, ოღონდ ეს ნაბიჯი და არა ადამიანი, რომელსაც თუ რამე ეშლება, ასე უფრო მიხვდება და თუ შეგნებულად აზიანებს საქმეს, ესეც ყველასთვის გასაგები გახდება და ჩვენი ლანძღვით ამას ვერ შევცვლით, მხოლოდ ჩვენ გავბოროტდებით და მასაც გავაბოროტებთ, ვისი პოზიციაც არ მოგვწონს. როცა რამეს ებრძვი, ძალიან დიდია იმის საფრთხე რომ თავად დაემსგავსო მას, როცა სიძულვილი გამოძრავებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის ჭკუას არ ვასწავლი. უბრალოდ საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ",- წერს ირინა სარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა. "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ ხელმოწერაზე უარი თქვეს.

სალომე სამადაშვილმა, პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, რასაც მისი თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ამ გაუგებრობაში მისი ადგილი აღარ არის". 

დღეს კი სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ აღარ აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას პარტიის სახელით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ მას შემდეგ მიიღებს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპყრობილეს დატოვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system