თავში

კალაძე: მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ

კალაძე: მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ
კალაძე: მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სადაზღვევო კომპანია მზად არის ვარკეთილის ბაზრობაზე, ხანძრის შედგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაუროს. მისივე თქმით, დაზარალებულების მიმართ იქნება ინდივიდუალური მიდგომა. 

როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოვაჭრეებს, შესაძლებლობის ფარგლებში, თბილისის მერიაც დაეხმარება. 

"იცით, რომ სამგორის რაიონში შერეული ბაზრობის გარკვეული ტერიტორია დაიწვა, მართლაც მძიმე სიტუაცია იყო. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე გავრცლდა, დაიწვა ტანსაცმელი, სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები, იყო საშიშროება, რომ ცეცხლი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე, თუმცა, მეხანძრე-მაშველების მართლაც გმირულმა მუშაობამ შეძლო ხანძრის ლიკვიდაცია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მეხანძრეს გადავუხადო მადლობა. 

ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე ჩემი მოადგილე, ასევე გამგებელი ბატონი კახა სამხარაძე. ჩვენ გამოვთქვით თანადგომა დაზარალებულთა მიმართ. ჩვენ ვაკვირდებოდით გუშინ სიტუაციას, თუ როგორ განვითარდბეოდა მოვლენები. აღმოჩნდა, რომ დაზღვეულია ეს ბაზრობა. ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ბაზრობები იყოს დაზღვეული. ჩვენ მოვისმინეთ, რომ სადაზღვევო კომპანიამ გამოხატა მზაობა, ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს დანაკარგი, მიმდინარეობს მოკვლევა, დაზუსტება და სადაზღვევო კომპანია გააკეთებს იმას, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის. გარდა ამისა, თავად დაზარალებულების თემა ინდივიდუალურად განიხილბა, ჩვენც მზად ვართ შევხვდეთ, განვიხილოთ და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენც დავეხმარებით. მე პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი ამ საკითხზე და მომდევნო დღეებში იქნება შეხვედრები, იქნება კონსულტაციები. 

გარდა ამისა, ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და გვეცოდინება ხანძრის გამომწვევი მიზეზები" - განაცხადა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი 15 ივნისს დაახლოებით 22 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ადგილიდან აკვირდებოდნენ მერიის წარმომადგენლებიც. ცეცხლის ჩაქრობას 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. იყო ხანძრის ბენზინგასამართ სადგურსა და საცხოვრებელ კორპუსზე გავრცელების საშიშროებაც, თუმცა მისი თავიდან აცილება მოხერხდა.

განადგურებულია ჯიხურების დიდი ნაწილი.

შემთხვევის დროს მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულ ქალბატონს ტრავმა ქვემო კიდურზე აღენიშნებოდა, მამაკაცს კი დაზიანება თავის არეში, დაცემის შედეგად აქვს მიღებული.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცველები იძიებენ. ზარალის დათვლა დაწყებულია. 

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, დაზარალებულებს ფინანსურად დაეხმარებიან. ისნის რაიონის გამგებლის თქმით, ყურადღების გარეშე არცერთი მოვაჭრე დარჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system