თავში

ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს, მას ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული - ჩოლოიანის ადვოკატი

ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს, მას ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული - ჩოლოიანის ადვოკატი
ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს, მას ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული - ჩოლოიანის ადვოკატი

15 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ჩვენების იძულებისთვის მსჯავრდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევენ. 

მათ ვიდეოკადრები წარადგინეს, სადაც მათივე თქმით, პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძის მიმართ ზეწოლა არ დასტურდება.

როგორც ადვოკატები ამბობენ, პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილს ძმასთან კონფლიქტი მოუვიდა, ასევე, დედის მიერ ლუკას მიმართ დისკრიმინაციის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი. გარდა ამისა ჩოლოიანის ინტერესების დამცველების თქმით, სისხლის ექსპერტიზით დადგინდა, რომ სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

მოსიაშვილის განცხადებით, სირაძეს თავი არ მოუკლავს და არ არის გამორიცხული, რომ ის კორპუსის სახურავიდან შემთხვევით გადმოვარდნილიყო. 

"როდესაც იგი გადმოვარდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, სისხლზე ჩატარდა ნარკოლოგიური ექსპერტიზა და დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო.

ლუკა სირაძეს, გარდაცვლილ ახალგაზრდას, რომელიც იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, სატელეფონო საუბარი ჰქონდა საკუთარ ძმასთან და თავად ძმა განმარტავს, რომ იგი ეჩხუბა ტელეფონით იმ სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, უთხრა, რომ მისი გაკეთებული იყო ეს და უნდა ეღიარებინა. ასევე, ფაქტია ის გარემოება, რომ გარკვეული სახის დისკრიმინაცია სწორედ დედის მხრიდან ხდებოდა, სამწუხაროდ, გარდაცვლილი ახალგაზრდის მიმართ," - განაცხადა მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

გარდაცვლილი მოზარდის ძმა კი აცხადებს, რომ ლუკა სირაძე გარდაცვალებამდე საავადმყოფოში ძლიერ გამაყუჩებელ პრეპარატებს იღებდა.

"არანაირი ნარკოტიკი არ მიუღია, ასეც რომ ყოფილიყო, ეს მისი საქმე არ არის. მისი საქმე ჩოლოიანის დაცვა იყო, მაგრამ ეს საქმე ჩაუვარდა და ახლა ჩემი ძმის სახელის გატეხვას ცდილობს. არსებობს ექსპერტიზის ორი დასკვნა, სისხლის ერთი ნიმუში აღებულია ასფალტიდან, რომელზეც ექსპერტიზა ცალსახად ამბობს, რომ ნარკოტიკის კვალი მასში არ არის, ხოლო მეორე უკვე არის საავადმყოფოში აღებული სისხლის ნიმუში. საავადმყოფოში, რა თქმა უნდა მას მიღებული ჰქონდა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები" - განაცხადა ლუკა სირაძის ძმამ. 

შეგახსენებთ, ლუკა სირაძის ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დაკავებულ მარიანა ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გარდა ამისა, მას ორი წლით სამართალდამცავ ორგანოებში საქმიანობის უფლება ჩამოერთვა.

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე, დაკითხვის შემდეგ თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. მოზარდი 2019 წლის 17 დეკემბერს იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

მის მიმართ განხორცილებული ზეწოლისა და ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა.

დაკავებულ გამომძიებელს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეეფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system