თავში

რას აცხადებენ ,,მედინაში" 31 წლის ქალის გარდაცვალებაზე

რას აცხადებენ ,,მედინაში" 31 წლის ქალის გარდაცვალებაზე
რას აცხადებენ ,,მედინაში 31 წლის ქალის გარდაცვალებაზე

ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა. 

ჯანმრთელობის ცენტრ "მედინას" კლინიკური დირექტორის, ჯუმბერ უნგიაძის განცხადებით, „მედინაში“ გადაყვანის შემდეგ, ჩატარებული კვლევების მიხედვით, პაციენტს ფილტვების მძიმე დაზიანება დაუდგინდა.

„მრავალი პაციენტი გვყავს გადარჩენილი, თუმცა დღეს ვერ შევძელით პაციენტის გადარჩენა, ვინაიდან მას ფილტვის მძიმე დაზიანება ჰქონდა კორონავირუსის ინფექციის გამო. ის ბათუმის მრავალპროფილიან სამშობიარო სახლში იწვა, კორონავირუსის დიაგნოზით და იქ მკურნალობდა. მიუხედავად ადეკვატური მკურნალობისა, მისი მდგომარეობა უარესდებოდა, კერძოდ, გამოხატული კლინიკური ცვლილებები ჰქონდა, ასევე, სუნთქვის უკმარისობა, რომელიც მოქმედებდა მისი, როგორც ორსულის მდგომარეობაზე, ასევე, აისახა ნაყოფის მდგომარეობაზე.

25 ნოემბერს მისი მდგომარეობა დამძიმდა და საკეისრო კვეთა ჩატარდა. ბავშვის მდგომარეობა კარგია, გაეწერა სახლში. 

სამწუხაროდ, დედის მდგომარეობა დამძიმდა და 27 ნოემბერს პაციენტი კლინიკა „მედინაში“ გადმოიყვანეს.

კვლევის შედეგად, მას ფილტვის ქსოვილის 23-პროცენტიანი დაზიანება დაუდგინდა. პაციენტს მაღალი ნაკადით მიეწოდებოდა ჟანგბადი. პირველ და ორ დეკემბერს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა გუშინ საღამოს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია მოხდა, რომელმაც გამოიწვია გულის გაჩერება. ჩატარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, მაგრამ დღეს შუადღით გული გაჩერდა. სამწუხაროდ, რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო. ჩვენთვის ცნობილია, რომ მას თანმხლები დაავადება არ ჰქონდა, მაგრამ ფილტვის ქსოვილი ფაქტობრივად, აღარ ჰქონდა, რამაც გამოიწვია მისი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება“, - განაცხადა ჯუმბერ უნგიაძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 260 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 147 636-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 2 947 პაციენტი და საერთო რაოდენობა 124 568-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 45 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 387 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system