თავში

სავარაუდო ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტები - ნინოწმინდის პანსიონში გამოძიება 4 საქმეზეა დაწყებული

სავარაუდო ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტები - ნინოწმინდის პანსიონში გამოძიება 4 საქმეზეა დაწყებული
სავარაუდო ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტები - ნინოწმინდის პანსიონში გამოძიება 4 საქმეზეა დაწყებული

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც report.ge უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გაგაცნოთ ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა.

სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. 

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. 

გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬

ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირების და გარემოებების, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. 

საკითხის დაზუსტების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში პირველად 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლისა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.გაეროს ბავშვთა კომიტეტმა მთავრობას დაავალა, რომ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დასადგენად ეს დაწესებულება შემოწმებულიყო.

სხალთის მთავარეპისკოპოსმა, სახალხო დამცველს მეორედ არ მისცა უფლება ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებას გაცნობოდა და ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა შეემოწმებინა. ქადაგების დროს მეუფე სპირიდონმა თქვა, რომ ომბუდსმენს "სოდომისა და გახრწნილების დაკანონება" სურს, რასაც "სატანის საქმე" უწოდა.

ფაქტს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა.მისი მტკიცებით, სოციალურ მუშაკებს პანსიონში შესვლის პრობლემა არ აქვთ და კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც დაუშვებენ აღნიშნულ დაწესებულებაში.

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.

ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები იყვნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში, თუმცა იქ პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ.

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.

„სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება", - ნათქვამია გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია PHR-სთვის მიწერილ შეტყობინებაში.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აცხადებს, რომ გაერო მსგავს ბერკეტს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იყენებს.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, მათგან ყველაზე უმცროსი - 5 წლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system