თავში

აზერბაიჯანი თურქეთისა და ევროპის გაზმომარაგების ზრდას გეგმავს

აზერბაიჯანი თურქეთისა და ევროპის გაზმომარაგების ზრდას გეგმავს
აზერბაიჯანი თურქეთისა და ევროპის გაზმომარაგების ზრდას გეგმავს

"ჩვენი მიზანია წლიურად 6 მილიარდი კუბური მეტრის გაზის მიწოდება თურქეთისთვის,  ხოლო 2022 წლიდან ევროპას მივაწოდოთ 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი," - ამის შესახებ TANAP– ის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა სალტუქ დუზიოლმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ისტორიაში პირველად აზერბაიჯანული გაზი ტრანსპორტირდება ევროპულ ბაზარზე ტრანს-ანატოლიური გაზსადენისა (TANAP) ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის (TAP), როგორც ერთი მილსადენის გამართული ფუნქციონირების შედეგად. 

მისივე თქმით, TAP– ის ამოქმედების პირველსავე დღეს, ანუ 2020 წლის 31 დეკემბრიდან, TAP– ით ევროპამდე მივიდა 10.9 მილიონი კუბური მეტრი გაზი.

დუზიოლის განმარტებით, TANAP– ის დასრულების შემდეგ, რომელიც თურქეთ-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტია, დაიწყო მზადება TAP– ით გაზის მიწოდებაზე უკვე ევროპისთვის, რაც უკვე სცდება რეგიონულ მნიშვნელობას და საერთაშორისო ენერგეტიკული უსაფრთხოების ფუნქციას იძენს. დუზიოლის შეფასებით, ესაა სტრატეგიული პროექტი, რადგნა ალტერნატიულ ენერგეტიკულ დერეფანს წარმოედგენს ევროკავშირისთვის.

კონსორციუმის დირექტორის თქმით, TANAP პროექტი დასრულდა გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში, რითაც დაიზოგა დაგეგმილი ინვესტიციის 45%-ი. მისივე ინფორმაციით, TANAP– ით თურქეთში ბუნებრივი გაზის მიწოდების საერთო მოცულობამ 2020 წლის დეკემბრის ბოლოს მიაღწია 8,4 მილიარდ კუბურ მეტრს. 

"ექსპლუატაციის მესამე წლიდან ჩვენი მიზანია თურქეთში წლიურად 6 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი გაზის მიწოდება, ხოლო 2022 წლიდან ევროპაში 10 მილიარდი კუბური მეტრის, ” - განაცხადა სალტუქ დუზიოლმა.

შეგახსნებთ, აზერბაიჯანის შაჰ დენიზის საბადოზე წარმოებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ხდება თურქეთში. ბუნებრივი გაზის მოცულობები თურქეთის ბაზარს მიეწოდება სამხრეთ კავკასიის მილსადენით (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) და TANAP- ით. პირველი გაზი ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით თურქეთის ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა. TANAP– ით კომერციული გაზის ტრანსპორტირება თურქეთში 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო.

TAP- ის აქციონერები არიან SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) და Axpo (5%).

ცნობისთვის, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, 2019 წელს გახსნა.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

ყველაფერს tap-ზე, ასევე tanap-სა და სამხრეთ გაზის კორიდორზე, ასევე აზერბაიჯანულ გაზზე, გაეცანით report.ge-ს ანალიტიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system