თავში

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზმა 108646 ტონა ტვირთი გაატარა - Exclusive

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზმა - Exclusive
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზმა 108646 ტონა ტვირთი გაატარა - Exclusive

2019 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე გაიარა 3091-მა ვაგონმა, რომელთა საერთო მოცულობამაც შეადგინა 108646 ტონა. ამის შესახებ report.ge ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი სტატისტიკის საფუძველზე აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რელიეფის, გარემო პირობებისა და ტექნიკური სიძნელეების გათვალისწინებით, საკმაოდ რთული პროექტია, შესაბამისად, მისი განხორციელება ლოგიკურ ვადაში მიმდინარეობს. 

როგორც report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ახალი სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე სამუშაოები დამამთავრებელ ეტაპზეა: მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული, გაშვება-მოწყობითი სამუშაოები, თოვლდამცავი ღობე-ფარების მოწყობა, სცბ-სა და კავშირგაბმულობის დამონტაჟებული სისტემების ტესტირება, ასევე ხდება მთლიანად ქართული მონაკვეთის შესაბამისობაში მოყვანა უსაფრთხოების ნორმებთან და სტანდარტებთან.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ვაგზლის 10 შენობას, სადგურებში დამონტაჟდა მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის (მპც) საკაბელო ქსელები და საპოსტო მოწყობილობები, ჩაიდო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი 333 კმ, დამონტაჟდა კავშირგაბმულობის აპარატურა 11 სადგურზე, ელექტრული წევის 7-ივე ქვესადგურში დასრულდა მოწყობილობა-დანადგარების დამონტაჟება, გაშვება-გაწყობითი სამუშაოები, დაიდგა 3 500ც-ზე მეტი საკონტაქტო ქსელის ანძა, დამონტაჟდა 153 კმ და დარეგულირდა 153 კმ საკონტაქტო ქსელი.

როგორც report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ახალქალაქის სარკინიგზო სადგურზე დასრულდა ვაგზლის შენობის სამშენებლო და კონსტრუქციული ნაწილები, ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი სამუშაოები, შიდა საინჟინრო ქსელების, გათბობა-ვენტილაცია-კონდეცირების სისტემების მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები; ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარების სამუშაოები. უწყების ცნობით,  დასრულდა სატვირთო რაიონში საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ბეტონის მოედნების მშენებლობა, დამონტაჟდა საკონტეინერო 40 ტონიანი ამწე, დამონტაჟდა სამგზავრო მატარებლის ვაგონების ლიანდის შესაცვლელი (1520 მმ-დან 1435მმ-ზე და პირიქით) „შტადლერის“ ფირმის გადამყვანი მექანიზმი, დასრულდა წევის ქვესადgურის შენობის მშენებლობა. 

ეკონომიკის სამინისტროს მიერ report.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ  ახალქალაქის სარკინიგზო წერტილში დასრულდა საბაჟოს, გაერთიანებული ეც-ს პოსტის; სალიანდაგო დისტანციის; ტვირთების გადასატვირთი ლიანდაგისპირა საწყობის; სატვირთო რაიონის შენობის და საექსპლუატაციო შენობის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები; დასრულებულია სასმელი წყლის გარე ქსელის, სასმელი და სახანძრო წყლის აუზების ძირითადი სამშენებლო სამუშაოებიც, დამონტაჟდა მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის ძირითადი საპოსტო მოწყობილობები, მოეწყო მაგისტრალური საკაბელო ქსელები- 4,95კმ ტრასა.

რაც შეეხება კარწახის სადგურს, როგორც ეკონომიკის სამინისტროში განგვიმარტეს, აქაც დასრულებულია ტექნიკური, საბაჟო და სასაზღვრო მომსახურების შენობების მშენებლობა, აშენდა 50 მ სიგრძის რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი, დასრულდა 4 ახალი გზაგამტარის მშენებლობა.

უწყების ცნობით, სადგურ ,,კარწახში“ ჩაიგო 26 კომპლექტი UIC-60 ტიპის 1/11 მარკის ისრული გადამყვანი; დასრულდა სადგურ კარწახის გარე ელ-მომარაგების 10კვ საჰაერო ხაზის მშენებლობა, დასრულდა სატრანსფორმატორო ჯიხურის შენობის მშენებლობა, დასრულდა გვირაბის პორტალის მიმდებარე გალერეის (240 მეტრი) მშენებლობის ძირითადი სამუშაოები და სამთო არხის მშენებლობა.

შეგახსნებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რკინიგზის მეშვეობით ენერგოკორიდორის შესაქმნელად შენდება, რომელსაც რესურსებით ძირითადად აზერბაიჯანი ამარაგებს. ამის გარდა, თურქეთიდან დსთ-ის მიმართულებით მიმავალმა გადაზიდვებმა სწორედ ამ ხაზზე უნდა გადმოინაცვლოს. ხაზის გახსნისას რკინიგზის სპაციალისტების მოლოდინი იყო, რომ ხაზის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 6,5 მილიონი ტონა იქნება, გრძელვადიან გათვლაში კი ამ მაჩვენებლის 17 მილიონ ტონამდე გაზრდას ისახავენ მიზნად. 2015 წლის 29 იანვარს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა, ხოლო 2017 წლის 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system