თავში

ბანკებმა საკრედიტო დანაკარგების 1.2 მილიარდიანი რეზერვი შექმნეს

ბანკებმა საკრედიტო დანაკარგების 1.2 მილიარდიანი რეზერვი შექმნეს
ბანკებმა საკრედიტო დანაკარგების 1.2 მილიარდიანი რეზერვი შექმნეს

კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო დანაკარგების 1.2 მილიარდიანი რეზერვის შექმნა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის იყო აუცილებელი. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა. 

კობა გვენეტაძის თქმით, სებ-ის მითითებით ბანკებმა მარტში გააკეთეს შეფასება იმის შესახებ თუ რა იქნებოდა კრიზისის განმავლობაში მათი საკრედიტო დანაკარგები, რისთვისაც წინასწარ 1.2 მილიარდის რეზერვი შეიქმნა, რის გამოც ქართული ბანკები ზარალზე აღმოჩნდნენ. 

2020 წლის 9 თვეში მათი ზარალი 85.9 მილიონი ლარია, თუმცა არსებობს ალბათობა, რომ ბანკებმა მიმდინარე წელი 50-100 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულონ.

“ეროვნული ბანკის დავალებით, ბანკებმა 2020 წლის მარტში მოახდინეს პანდემიის შესაძლო გავლენის შეფასება მათ სასესხო პორტფელზე. სხვადასხვა კრიტერიუმებითა და დაშვებებით გაკეთდა ეს შეფასება და გვინდოდა, მაქსიმალურად რეალისტური ყოფილიყო შეფასება. აქედან გამომდინარე, ინდუსტრიამ პროაქტიულად შექმნა 1.2 მილიარდი ლარის რეზერვი. ეს იყო აბსოლუტურად აუცილებელი. 2020 წლის ბოლოს ვფიქრობთ, რომ სექტორი რაღაც მოგებაზე გავა. შესაძლებელია ეს იყოს 50-100 მილიონი ლარის ფარგლებში", - ამბობს კობა გვენეტაძე.

შეგახსენებთ, 2020 წლის 10 თვეში საპროცენტო შემოსავლების სახით 4 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.16%-ით მეტია. 

ბანკების არასაპროცენტო შემოსავლები კი, 734 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში უცვლელია. ამ ქვეჯგუფს განეკუთვნება ბანკების ისეთი შემოსავლები, როგორიცაა საკომისიოები, ჯარიმები და სხვა. საკომისიოებიდან შემოსავალი 2020 წლის 10 თვეში 263 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია, ხოლო ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი კი 45%-ით არის შემცირებული და 39.9 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ჯამურ ხარჯებს, ის 4.1 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 41%-ით მეტია. სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვებული 1.2 მილიარდი ლარი სწორედ ამ ხარჯებში შედის. 

ბანკებს საპროცენტო ხარჯებიც გაეზარდათ. კერძოდ კი, დეპოზიტებზე საპროცენტო ხარჯი 214 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 918 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო თავად ბანკების მიერ მოზიდულ სხვა ნასესხებ სახსრებზე საპროცენტო ხარჯი 33%-ით არის გაზრდილი და 632 მილიონ ლარს აღწევს.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ქართული ბანკების ზარალი 2020 წლის ცხრა თვეში 85.9 მილიონი ლარი იყო.

ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 427.12 მლნ ლარით, ანუ 0.79 პროცენტით შემცირდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.61 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ნოემბრისათვის 53.92 მლრდ ლარი შეადგინა.

ამჟამად საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.63 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.44 პროცენტია. მხოლოდ ოქტომბერში მათი წმინდა მოგება 166 მილიონი ლარია.

ოქტომბერში მათი საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესდა და შემოსავლებმა 442 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 10.%-ითაა გაზრდილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system