თავში

ექსპერტი: სებ-ის ინტერვენციები გასაშუალებულ კურსს ქმნის

ექსპერტი: სებ-ის ინტერვენციები გასაშუალებულ კურსს ქმნის
ექსპერტი: სებ-ის ინტერვენციები გასაშუალებულ კურსს ქმნის

ფინანსური ბაზრის სპეციალისტი, ექსპერტი გოჩა თუთბერიძე აცახდებს, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციებით მეტნაკლებად შესაძლებელია საშუალოვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობის შენარჩუნება, თუმცა ასეთ ზომებს სამომავლოდ ასე ინტენსიურად ვერ განახორციელებს.

,,ეროვნული ბანკი იძულებულია გარკვეული გრაფიკით მიაწოდოს ბაზარს უცხოური ვალუტა, რადგან ტურიზმის შეჩერების გამო უცხოური ვალუტის შემოდინება მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამის კომპენსაცია სებ-მა უნდა მოახდინოს ისე, რომ გაცვლითი კურსი საგრძნობლად არ გაუფასურდეს. შემუშავებული აქვთ გრაფიკი, რის მიხედვითაც სებ-ი რეგულარულად მიაწვდის ბაზარს უცხოურ ვალუტას, მაგრამ უსასრულოდ ვერც ასე გაგრძელდება. სამომავლოდ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ შეიცვლება ვითარება საგარეო ვაჭრობაში, ასევე რამდენად მოიმატებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეროვნული ბანკი აკვირდება ბაზარს და აქედან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს - შეწყვიტოს ინტერვენციები თუ გააგრძელოს", - აცხადებს თუთბერიძე.

რაც შეეხება ინტერვენციების გავლენას კურსზე, ცხადია, ექსპერტის შეფასებით, დღესვე ვერ აისახება, თუმცა მოკლევადიან პერიოდში გარკვეულ გავლენას მოახდენს გამყარების მიმართულებით. როგორც გოჩა თუთბერიძე აღნიშნავს, ეროვნული ბანკი ინტერვენციებით გასაშუალებულ კურსს ქმნის და თუ ამ ზომებს არ მიიღებს, ლარი გაცილებით სწრაფად გაუფასურდება. 

ცნობისთვის, 2020 წლის 22 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2173 შეადგინა.

დღევანდელი ინტერვენციის ჩათვლით, სებ-ის მიერ წელს გაყიდული დოლარის მოცულობა 580 მილიონს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის

ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system