თავში

ელექტრომობილების რეალიზაციის ხელშესაწყობად პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ

ელექტრომობილების რეალიზაციის ხელშესაწყობად პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ
ელექტრომობილების რეალიზაციის ხელშესაწყობად პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ

ელექტრომობილის მცირეხარჯიანობია უკვე არავის სჯერა. ამ კატეგორიის ავტომობილის დამუხტვის საფასური ბენზინისა და გაზის ხარჯს უსწრებს. მართალია, მთავრობა ცდილობს, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსოპორტი წახალსიდეს, დატენვის საფასურის მაღალი ხარჯი მძღოლებისთვის დიდი ტავსატეხია, რის გამოც მათთვის ელექტრომობილმა პოპულარობა დაკარგა. როგორც ავტოიმპორტიორი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, მოტივაცია აღარ არის.

სწრაფი დამტენის ტარიფის დაანგარიშების პრინციპი, როგორც ჯამაგიძე ანგარიშობს, ასეთია: 

,,სწრაფი დამტენით სარგებლობის პირველი 20 წუთის განმავლობაში 1 წუთის ღირებულება კვლავ 50 თეთრს შეადგენს; შემდეგი 20 წუთი სარგებლობისას 1 წუთში 35 თეთრის გადახდა მოგიწევთ, ხოლო სწრაფი დამტენით სარგებლობის 41-ე წუთიდან ნებისმიერ დრომდე 1 წუთის ღირებულება 25 თეთრი იქნება. გამოდის, რომ 1 ელექტრომანქანის მთლიანად დამუხტვა დაახლოებით 14 ლარი ჯდება. საქართველოში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი "ნისან ლიფი" რომ ავიღოთ, იგი დაახლოებით 110 კმ-ს გადის და მისი ხარჯი ბენზინზე ძვირია. საქმე ისაა, რომ მისი სრულად დამუხტვისთვის სპეციალურ სადგურზე 25 წუთია საჭირო, რაც თითქმის 14 ლარის ხარჯია. ამ დროს ჰიბრიდული ავტომობილით გადაადგილება, რომელიც არც დამუხტვას საჭიროებს და არც დისკომფორტს ქმნის მოძრაობისას, უფრო იაფი გამოდის. 100 კილომეტრის გავლა "ტოიოტა პრიუსით" 12 ლარად სრულებით შესაძლებელია. მცირელიტრაჟიანი "ჰონდა ფიტითაც" კი ბენზინის ხარჯი 100 კმ-ზე 15 ლარს არ აჭარბებს. გაზის აპარატურიანი მანქანით იმავე მონაკვეთის დაფარვა 9 ლარი ჯდება. იმის ნაცვლად, რომ ეკოლოგიის ხელშეწყობა მოხდეს და ტრანსპორტის ეს სფერო წახალისდეს, ელექტრომობილების დამუხტვის საფასურის გაზრდით პრობლემას ქმნიან. საავტომობილო ბაზრის წახალისებაზე საუბარი ზედმეტია, თუკი ელექტრომობილის დამუხტვა გაზსა და ბენზინზე ძვირი დაჯდება", - ამბობს ჯამაგიძე report.ge-თან.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პრობლემა სახელმწიფომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით უნდა გადაწყვიტოს და ელექტრომობილების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების" ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ელექტრომობილების დამუხტვის საფასური სხვა საწვავის ხარჯზე დაახლოებით 20-25%-ით ნაკლები მაინც უნდა იყოს, რის გარეშეც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ვერ იქნება წახალისებული.

,,მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობის დონეზე მოხდეს ხელშეწყობა და ამისთვის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს. ყველა ქვეყანაში ცდილობენ, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი წახალისებული იყოს და ამისთვის ეს სფერო გარკვეული შეღავათითაც სარგებლობს. დაუშვებელია, რომ ელექტრომობილის დამუხტვის საფასური ბენზინისა და გაზის ხარჯს აღემატებოდეს. რაც უფრო ძვირი იქნება იგი, ელექტრომობილის გაყიდვაზეც აისახება, თავისთავად ნაკლები მომხმარებელი ეყოლება.

მართალია, ამ კატეგორიის ტრანსპორტის შემოყვანა ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმს ექვემდებარება, მაგრამ მომხმარებელი ითვლის ექსპლუატაციის ხარჯსაც. აქედან გამომდინარე, რეალიზაციაზე უარყოფითად მოქმედებს. ჩვენ თუ შესაბამის ინფრასტრუქტურას ვერ შევქმნით, ბაზრის წახალისებაზე საუბარი გადაჭარბებულია. ამ ელექტრომობილის მთავარი ხიბლი მარტო ის კი არ არის, რომ საწვავი არ სჭირდება, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე დადებითაც მოქმედებს. ყველა მექანიზმი უნდა გამოინახოს, რომ ელექტრომობილის საფასური დიზელისა და ბენზინის ხარჯზე, მინიმუმ, 20-25%-ით ნაკლები იყოს, თუ გვინდა, რომ ელექტრომობილები რეალურად წავახალისოთ და მომხმარებელს მოტივაცია მივცეთ" - ამბობს კვაშილავა.

ცნობისთვის, ელექტრომობილების იმპორტი კვლავ დაბალ დონეზეა. Galt & Taggart-ის შეფასებით, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ელექტრომობილების ზრდას 4 ძირითადი ბარიერი უშლის ხელს: მაღალი ფასი, გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი, დასატენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და მოდელების შეზღუდული არჩევანი.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ საქართველოში ელექტრომობილების წილი მანქანების ჯამურ გაყიდვებში მსოფლიო ტრენდებს შეესაბამება, მაგალითად, 2019 წელს საქართველოსა და მსოფლიოში გაყიდული მანქანების 2.5% ელექტრომობილები იყო (პლაგ-ინ ჰიბრიდების ჩათვლით). მთლიანობაში კი ელექტრომობილების ზრდას ხელი შეუწყო საწვავზე და ძველ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდამ 2017 წლიდან და ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადის გაუქმებამ 2011 წლიდან.

კვლევაში ელექტრომობილებზე მოთხოვნის კლების ერთ-ერთ მიზეზად შენახვის მაღალი ხარჯი სახელდება. მიუხედავად ელექტრომობილის ეკონომიურობისა (ნაკლები საწვავის + შეკეთების ხარჯები), ელექტრომობილის ფლობის ჯამური დანახარჯი მნიშვნელოვნად აღემატება შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების დანახარჯს, საწყისი მაღალი ფასის გამო. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვაში. კვლევაში შედარებულია Hyundai Ioniq-ის ელექტრომობილის საცალო ფასი და Hyundai Ioniq ჰიბრიდის ფასი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system