თავში

“გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი დამტკიცებულია

“გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი
“გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი დამტკიცებულია

პარლამენტმა “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 7 პროექტისაგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

აღნიშნული პროექტი ორი მოსმენით წინა მოწვევის პარლამენტმა განიხილა და მიიღო.

პროექტი “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ითვალისწინებს შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმები გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით, შემოიღოს მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სამართლებრივი რეგულირება. კერძოდ, კანონის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება, “დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად.

“დამბინძურებელი იხდის“ პრინციპი წარმოადგენს გარემოს დაცვის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს კანონისა და გულისხმობს ფიზიკური ან იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის ვალდებულებას, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი შემარბილებელი და გამასწორებელი ღონისძიებები და გაიღოს შესაბამისი ხარჯები ანდა აანაზღაუროს გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

აღნიშნული პრინციპის საფუძველზეა აგებული მთლიანად გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ დირექტივა და გამომდინარეობს ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებიდან.

კანონპროექტი განსაზღვრავს კანონის რეგულირების სფეროს და გარემოზე ზიანის მიყენების იმ შემთხვევებს, რომლებზეც არ გავრცელდება კანონის მოქმედება. არეგულირებს ზიანის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს, რამდენადაც დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ზიანის პრევენციის საკითხებს. შესაბამისად კანონპროექტს შემოაქვს ახალი მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს გარდაუვალი ზიანის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში ასეთი ზიანის დადგომის თავიდან აცილებას ან შერბილებას და სხვა რეგულაციებს.

საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი, მათ შორის „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონშიშესული ცვლილება მიმდინარე წელს, ხოლო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის დიდი ნაწილი, 2022 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში, რაც კანონქვემდებარე აქტების მიღებისა და აღსრულების ეფექტიანად განხორციელებისთვის, სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველყოფით არის განპირობებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კანონპროექტი ევროკავშირის დახმარებით შეიმუშავა. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან. კანონპროექტი პირველი ორი მოსმენით მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო და მე-10 მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა. 

შეგახსენებთ, 2021-24 წლებში საქართველოში მწვანე ეკონომიკა გააქტიურდება. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტით, 1 ივნისიდან საქართველოში მოქმედი 85-მდე საწარმო ვალდებულია დაბინძურების წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა აღრიცხვა განახორციელოს და დანერგოს თვითმონიტორინგის სისტემები, რაც სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბიზნესი ამ ვალდებულებების შესასრულებლად მზად არ არის და გარემოსდაცვითი ვალდებულებების გადავადებას ითხოვს. მათ გარემოსდაცვით ჯარიმებთან დაკავშირებითაც აქვთ შენიშვნები. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, თვითმონიტორინგის სისტემის მოწყობა თითოეულ მავნე ნივთიერებაზე და ასეთი სულ მცირე 5-ია, საშუალოდ 10-15 ათასი ევრო ღირს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system