თავში

გიორგი ტყემალაძე: ბიუჯეტი თბილისის სწორ განვითარებას უზრუნველყოფს

გიორგი ტყემალაძე: ბიუჯეტი თბილისის სწორ განვითარებას უზრუნველყოფს
გიორგი ტყემალაძე: ბიუჯეტი თბილისის სწორ განვითარებას უზრუნველყოფს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის კახა კალაძის წლიურ ანგარიშზე და დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ განცხადება გააკეთა. 

მისი განცხადებით, დღეს განვლილი პერიოდის შეჯამება მოხდა და ასევე ის პროექტები განიხილეს, რომლებიც დედაქალაქის და მოსახლეობის საკეთილდღეოდ მომავალ წელს განხორციელდება. 

გიორგი ტყემალაძის თქმით, პანდემიის მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეძლო.

„წლევანდელი წელი სრულიად განსხვავებული იყო ყველა ჩვენგანისთვის მსოფლიო პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე. ამ ურთულეს პერიოდში მუნიციპალიტეტმა შეძლო ოპერატიულად მიეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ რთულ პირობებში ჩვენ, მერთან და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან ერთად შევძელით დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ მათი განვრცობა და ახალი პროექტების ინიცირება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც 1 მილიარდ 50 მილიონ ლარს აღემატება. მისი თქმით, ფინანსური დოკუმენტი სრულად შეესაბამება მოსახლეობის მიერ მხარდამჭერ პრიორიტეტებს.

„დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტით, რომელიც 1 მილიარდ 50 მილიონ ლარს აღემატება, გათვალისწინებულია ის პროექტები და თანმიმდევრული ღონისძიებები, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენი მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილ პრიორიტეტებს და მიმართულებებს. სწორედ ამ პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდებოდა უმნიშვნელოვანესი პროექტები ამ სამი წლის განმავლობაში, რის შედეგადაც ჩამოვაყალიბეთ ეფექტური მართვის პოლიტიკა და ქალაქის განვითარების ერთიანი ხედვა. მომავალი წლის ბიუჯეტთან მიმართებაში მინდა აღვნიშნო, რომ ურთულესი გამოწვევის პირობებში იმედისმომცემია 2021 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც ვფიქრობ, მართლაც განაპირობებს ქალაქის სწორ განვითარებას. ვიმედოვნებ, ყველა მათგანი წარმატებით განხორციელდება,“- დასძინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

დედაქალაქის საკრებულო, დღეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. ბიუჯეტის პროექტის მოცულობა მილიარდ 50 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელსაც 2021 წლის იანვარში დაემატება 50 მილიონი ლარი. ჯამში, მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება. 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. მათ შორის, საბინაო პროგრამების მიმართულებით, დაახლოებით 60 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 425 მილიონი ლარი გამოიყოფა. მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. მათ შორისაა, ბაგები - უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის აღდგენის სამუშაოები, ჭაბუა ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, ზღვის უბნის პარკის მოწყობა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, ასევე ახალი პარკი ვარკეთილის ხევში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე გამოიყოფა.

დედაქალაქის ბიუჯეტს იწუნებს ოპოზიცია. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, კი 2021 წლის ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეა ორიენტირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system