თავში

ლარს ჯერჯერობით ვერც ინტერვენციები შველის

ლარს ჯერჯერობით ვერც ინტერვენციები შველის
ლარს ჯერჯერობით ვერც ინტერვენციები შველის

საბანკო სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურების შეჩერება ჯერჯერობით ვერც ინტერვენციები მოხერხდება. თუმცა, მათივე განცხადებით, ამ მექანიზმის გამოყენება აუცილებელია, რომ ფასშტაბური რყევები არ მოხდეს. გარდა ამისა, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილ სცენარებს აფასებს და განმარტავს, რომ სებ-ის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, განსაკუთრებით ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება.

,,ბოლო პერიოდში აქტიურად ვამბობდი, რომ სებ-ს მოუწევდა დოლარის გაყიდვა, რათა ლარის კურსი დაესტაბილურებინა. ლარი კიდევ გაუფასურდება, ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს, სებ-მა ისევ მოუწევს ინტერვენციები. რაც შეეხება ცენტრალური ბანკის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას და პროგნოზს, ვერ დავეთანხმები. აღმოჩნდა, რომ სებ-ი ოპტიმისტურ სცენარს ელოდება, რაც არ მგონია, გამართლდეს, 3,50-ის ფარგლებში ველოდები კურსს, თუმცა ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება, რომ კურსი დაიჭიროს 3,30-ის ფარგლებში. საერთო ჯამში, ზედმეტად ოპტრიმისტური სცენარია, ეკონომიკა 4-5%-ით რეალურად არ გაიზრდება, ჩვენი გათვლით, ზრდა 2%-ს ვერ გადააჭარბებს", - ამბობს report.ge-თან ნიკა შენგელია.

რაც შეეხება მეზობელ რეგიონში მიმდინარე სავალუტო ცვლილებებას, კერძოდ, თურქული ვალუტის გაუფასურებას, ანალიტიკოსის თქმით, ლარზე გავლენას ჯერჯერობით ვერ მოახდენს, თუმცა შესაძლებელია, რომ იმპორტული თურქული პროდუქტის ფასზე მცირედით აისახოს.  

,,ლირა სამწუხაროდ ნატომისებურად გაუფასურდა. ორშაბათ დილას ლირა 7,20-დან მოულოდნელად 8,38-ის ფარგლებში მოექცა. ეს პროცესი ჯერჯერობით ლარის გაუფასურებაზე არ აისახება. პროდუქტები, რომელიც თურქეთიდანმ შემოაქვთ იმპორტიორებს, შეიძლება გაიაფდეს, სხვა მოლოდინი ჯერჯერობით არ გვაქვს. მთლიანობაში, როგორც ვხედავთ, ინტერვენციების საჭიროებაა და ამ მიდგომას სებ-ი, ალბათ, არ შეცვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უკვე გვექნება სხვა ფასები მომსახურებაზე. კურსი თუ გაექცევათ, მასიურად ყველაფერი გაძვირდება და ამ მდგომარეობას ვერაფერი უშველის" -  დასძენს ნიკა შენგელია.

ინტერვენციების აუცილებლობაზე საუბრობს report.ge-თან საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე, რომელიც ამავე დროს გამოთქვამს ეჭვს, რომ შექმნილ სიტუაციაში ლარს ინტერვენციებმაც შეიძლება ვერ უშველოს.

,,ინვესტიციები არ შემოდის, ფულადი ნაკადები ფაქტობრივად ყველა მიმართულებით შემცირებულია და ვერც ექსპორტზე აღწევს ქვეყანა წარმატებას, ასეთ დროს ლოგიკურია, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურებისგან დასაცავად ეროვნულ ბანკს ინტერვენციები რჩება. თუმცა, ასეთ ზომებს სებ-ი ინტენსიურად ვერ განახორციელებს.  საგარეო ვაჭრობაში მდგომარეობა თუკი გაუმჯობესდება, ასევე მოიმატებს ინვესტიციები და ტურისტული ნაკადებიც მეტნაკლებად დაიწყებენ მოძრაობას, მისი საჭიროება დიდად აღარ იქნება, მაგრამ მიმდინარე ეტაპზე აუცილებელია. შარშან ინტერვენციები ძალიან დაგვეხმარა, ეს რომ არა, ლარი გაცილებით მაღალი მაჩვენებლით იქნებოდა გაუფასურებული. როგორც წესი, ეროვნული ბანკი ინტერვენციებით გასაშუალებულ კურსს ქმნის და თუ ამ ზომებს არ მიიღებს, ლარი გაცილებით სწრაფად გაუფასურდება", - აცხადებს გოჩა თუთბერიძე. 

ცნობისთვის, 2021 წლის 22 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3293 შეადგინა.

დღევანდელი ინტერვენციის გარდა, წელს სებ-მა შიდასავალუტო ბაზარს 120 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა.

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს 2021 წელსაც გააგრძელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system