თავში

მარნეულის კიტრს "ჯიბე" მთლიანად შეისყიდის - PHOTO

მარნეულის კიტრს "ჯიბე" მთლიანად შეისყიდის
მარნეულის კიტრს ჯიბე მთლიანად შეისყიდის - PHOTO

კომპანია "ჯიბეს" 3 ტრაილერი მარნეულში უახლოეს წუთებში ჩავა და ისინი ფერმერებისგან არსებულ პროდუქციას მთლიანად იყიდიან. კომპანია გლეხებს 1კგ კიტრში ერთ ლარს გადაუხდის. ამის შესახებ report,ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.

სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტში აგვიხსნეს, რომ  გუშინ "ჯიბემ" მარნეულიდან წამოიღო 40 ტონა კიტრი. რაც შეეხება, ფასს, სააგენტოს შეფასებით, 1 კგ კიტრისთვის 1 ლარი კარგი ფასია.

ცნობისთვის, "ჯიბე", რომელსაც აქვს 2500 ტონიანი კეთილმოწყობილი სამაცივრე სასოფლო-სამეურნეო საწყობი თბილისში წერეთლის გამზირზე.

შეგახსენებთ, გუშინ მარნეულში ადგილობრივებმა აქცია გამართეს. სოფელ შავმიანთან რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ადგილობრივებმა გააპროტესტეს კარანტინის გამკაცრება, რის გამოც მათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ.

ადგილზე მივიდა რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარიც.

"ამ დღეებში არ ყოფილა არცერთი დღე, როცა პროდუქტის გატანას შეექმნა საფრთხე. იყო ლოგისტიკური პრობლემები და ასევე ფასის საკითხი, ზოგიერთი, ვინც შარშანდელ და შარშანწინდელ ფასს არის მიჩვეული, ითხოვდნენ იგივე ფასს, თუმცა ასე ვერ იქნება, რადგან მსოფლიო კრიზისმა დაღი დაასვა ყველას და ყველაფერს. ასევე იყო პოლიტიკური ფაქტორი, იყვნენ მოსული ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობდნენ არა პროდუქციის გაყიდვაზე, არამედ არჩევნებზე, რადგან მათ აქვთ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

აქცია გვიან ღამით მას შემდეგ დაიშალა, რაც მარნეულის მერისგან და მთავრობისგან მიიღეს დაპირება, რომ პროდუქციას "ჯიბე" შეისყიდის და ყველას ექნება მოსავლის რეალიზაციის საშუალება.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში მალფუჭებადი სურსათის ბაზარზე დროული განთავსებისთვის შეიმნა სავაჭრო პლატფორმა „ჯიბე“.

სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი ზრუნავს მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში გამყიდველების, მწარმოებლებისა და მყიდველების დაკავშირებაზე.

„შეიქმნა ვაჭრობის ახალი პლატფორმა, სადაც ფერმერებს შეეძლებათ, მოვაჭრეებს ბითუმად მიაწოდონ თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი პროდუქტი. ფაქტობრივად, თბილისის რამდენიმე რაიონში ეს იქნება დამატებითი, ორგანიზებული სავაჭრო პლატფორმა, რათა სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვით და დაავადების გავრცელების შემცირების პირობებში მოხდეს ვაჭრობის უწყვეტი განხორციელება“, – განაცხადა აპრილის დასაწყისში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აგრარული ბაზრები დაიხურა, თბილისში ხილ-ბოსტნეულის სარეალიზაციოდ სამი უბანი შეირჩა : გლდანი, წერეთლის ქუჩა და ორხევი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system