თავში

მართვის მოწმობის აღება რთულდება და ძვირდება

მართვის მოწმობის აღება რთულდება და ძვირდება
მართვის მოწმობის აღება რთულდება და ძვირდება

მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების წესში ცვლილებები იგეგმება. კანონპროექტი საპარლამენტო განხილვას ელოდება.

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვება გახდება 20 ლარი, ნაცვლად 40 ლარისა, მაგრამ პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი ხდება და თითოეული ეტაპის საფასური დგინდება დამოუკიდებლად. გარდა ამისა, პრაქტიკულ გამოცდაზე ყოველი გასვლა მინიმუმ 40 ლარი ეღირება. საუბარია იმაზეც რომ გამოცდაზე მართვის მოწმობის მსურველისთვის სავალდებულო გახდეს ლიცენზირებული ავტოსკოლაში სწავლის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენაც.

პრაქტიკულად გადაწყვეტლია, რომ ამჟამად დადგენილი მინიმალური ასაკის,17 წლის, ნაცვლად, მართვის მოწმობის მისაღები ასაკობრივი ზღვარი გახდება 18 წელი.

კანონპროექტის მიხედვით, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია - 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 90 ლარი.

„A“, „C“, „D“ „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიის და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 150 ლარი.

ამასთან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში - წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე ჩატარდება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ცვლილებები მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების გარდა, გაძვირდება ავტოსკოლებში სწავლებაც, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს არის ყველაზე გამართლებული ფასის მატება, რაც ბოლო პერიოდში განხორციელებულა საქართველოში.

" ახალი რეგულაციები საჭიროა და ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა. რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, "მკვლელი მძღოლები" განვდევნოთ გზებიდან. დაგვიანებულიც კია, აქამდე უნდა გამოფხიზლებულიყვნენ. აუცილებლად უნდა გახდეს სავალდებულო ლიცენზირებული ავტოსკოლის სასწავლო კურსის დამამთავრებელი საბუთი, რომლის საფუძველზეც მოხდება გამოცდაზე დაშვებს. უნდა იყოს გაკვეთილების მინიმალური რაოდნეობა კანონით განსაზღვრული. 18-20 გაკვეთილი მინიმუმ არის საჭირო იმისთვის რომ უსაფრთხოების წესები და ნიშნები დაისწავლოს ადამიანმა. ავტოსკოლის კურსების საბუთი გამოცდაზე სავალდებულო სულაც არაა. არადა, ავტოსკოლა საბუთს უნდა გასცემდეს რეკომენდაციითურთ. ის რეკომენდაციას უნდა უწევდეს მოსწავლეს, მზადაა თუ არა, ან რა დონეზეა მზად როგორც თეორიულ,ისე პრაქტიკულ ნაწილში. გეთანხმებით, რომ გაიზრდება ხარჯები, მაგრამ ეს იქნება ყველაზე გამართლებული, ლოგიკური, დასაბუთებული და არგუმენტირებული ზრდა, რაც ჩვენსავე უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.  თუკი ავტოსკოლებში სწავლა სავალდებულო გახდა და გამოცდებზე დაშვების საფასურიც გაიზარდა, მართვის მოწმობის მიღება, შესაძლოა, რამდენიმე ასეული ლარიც კი დაჯდეს, თუმცა მომავალ მძღოლსაც უნდა უღირდეს ეს და მთელს საზოგადოებას," - განუმარტა report.ge-ს გამოცდილმა ავტოინსტრუქტორმა, ავტოსკოლის დირექტორმა, თამაზ თოფაძემ. 

შეგახსენებთ, მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გეგმაში გათვალისწინებულია მძღოლთა პროფესიული კომპეტენტურობის ასამაღლებელი რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა/მოწყობა. ცენტრის მშენებლობის საპროგნოზო ბიუჯეტი კი 14 მლნ ლარია. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ ცენტრზე პასუხისმგებელი უწყება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოა. ცენტრი თბილისთან, ფონიჭალაში აშენდება, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ მას ექნება საერთაშორისო სტატუსი და მის მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული იქნება ევროკავშირის ქვეყნებში. 

ცნობისთვის, შსს-ს მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა. 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system