თავში

მოსახლეობას წამლებისა და ჰიგიენური საშუალებების ყიდვა უჭირს

მოსახლეობას წამლებისა და ჰიგიენური საშუალებების ყიდვა უჭირს
მოსახლეობას წამლებისა და ჰიგიენური საშუალებების ყიდვა უჭირს

წამლების ფასი ეპიდემიურ პერიოდშიც ყურადღებას იქცევს. როცა ქვეყანა საშიშ ვირუსს ებრძვის და ადამიანები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან, პირველადი მოხმარების წამლებზეც კი მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი ვერ მიუწვდება. ამის შესახებ report.ge-თან სამედიცინო სფეროს ექსპერტი, ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს" დამფუძნებელი, მარინა ბერაძე საუბრობს.მისი თქმით, ეპიდემიასთან ბრძოლა ყოველთვის უშედეგო იქნება, როცა პრევენციული ღონისძიებები წამლებსა და ჰიგიენურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობასვერ უზრუნველყოფს.

,,მედიკამენტების ფასი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტვირთი მოსახლეობისთვის. ათეულობით წელია, რაც ამაზე ხალხი ჩივის. დღეს კი, როცა ასეთი კრიზისული სიტუაციაა, პანდემიურ პერიოდშიც ამაზე გვიწევს საუბარი. ფაქტობრივად, გადარჩენისთვის ბრძოლაა, ამიტომ ნომერ პირველი საზრუნავი ადამიანის ჯანმრთელობა უნდა გახდეს. ამ დროს პირველადი მოხმარების  წამლების რეალიზაცია ლამის 300%-იან ი ფასნამატით ხდება, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და კატასტროფული მდგომარეობის მანიშნებელია. გარდა იმისა, რომ ფასები აწვება ხალხს, ფსიქოლოგიურადაც წნეხშია, რადგან გრძნობს, რომ  მისი, მოქალაქის, პატრონი არავინ არ არის. ამ თემაზე განსაკუთრებით თამამად ვსაუბრობ იქიდან გამომდინარე, რომ აქტიური კომუნიკაცია მაქვს მოსახლეობასთან და მუდმივად ვატარებთ სოციოლოგიურ გამოკითხვებს, ამიტომ ხალხის გასაჭირი ჩემთვის ცნობილია. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, პანდემიურ პერიოდში, როცა პრევენციული ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უნდა მოხდეს დაავადების შეჩერება, რეგულაციები ყველასთვის ცნობილი და გასაგებია, მაგრამ ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხები კვლავ მოუგვარებელია", - აცხადებს მარინა ბერაძე და დასძენს, რომ არსებულ მძიმე სიტუაციაში ჰიგიენური საშუალებები მინიმალურ ფასად უნდა იყიდებოდეს - ნიღბებიდან დაწყებული, უნდა გაიცემოდეს იაფად ან საერთოდ უფასოდ ურიგდებოდეს მოსახლეობას. 

,,წამლებსა და ჰიგიენურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა დიდი პრობლემაა და როგორმე უნდა გაკონტროლდეს მთავრობის მხრიდან.  ვიმედოვნებ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი ამ საკითხით დაინტერესდება. ეს არის ჩვეულებრივი მდგომარეობა, რომელიც დიდი ხანია ფარმაცევტულ ბაზარზეა.  პაციენტის, მოსახლეობის საწინააღმდეგოდ აღმართული დიდი დაბრკოლებაა. მისი გამოსწორების მექანიზმი არსებობს, მაგრამ პოლიტიკური ნებაა საჭირო. ცხადია, რომ სავალუტო  კურსი ფასებზე მოქმედებს, მაგრამ სწორედ ამაში უნდა ჩაიდოს მექანიზმი, რომ ეს საკითხი დაბალანსდეს. ეპიდემიისას ჯანდაცვის სისტემის უამრავი სისუსტე გამოვლინდა და დარგს შველა უნდა. მთელი ქვეყნები ებრძვიან პანდემიას, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების ცხორება განსაკუთრებით მძიმეა", - აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი.

როგორც ცნობილია, მედიკამეტების და ამბულატორიული მომსახურების ფასები გაიზარდა 2020 წელს, ხოლო სტაციონარული მომსახურებების ინფლაცია დაბალია. ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, სტაციონარული მომსახურების ფასი ამბულატორიულ მომსახურებასთან შედარებით ნაკლებად რყევადია და 2012 წლიდან დაბალი ერთნიშნა წლიური ინფლაციით ხასიათდება.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სისტემის უმთავრეს პრობლემად წამლების სიძვირე სახელდება.

საქსტატის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში 27%-ით გაძვირდა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

წლიურ ჭრილში 33%-ითაა გაზრდილი ფასები სტომატოლოგიურ მომსახურებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system