თავში

პურის მწარმოებლებს ხარჯი გაეზარდათ

პურის მწარმოებლებს ხარჯი გაეზარდათ
პურის მწარმოებლებს ხარჯი გაეზარდათ

პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, პურის მწარმოებლებს ხარჯი გაეზარდათ. ფასზე განსაკუთრებით გავლენა, როგორც დოლიძე ამბობს, საფუარის ფასმა და ტარიფის გაძვირებამ იქონია. კერძოდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში საფუარის ფასმა 10 ლარით მოიმატა, ხოლო მწარმეების  იმ ნაწილს, ვინც სატარიფო შეღავათთან დაკავშირებით რეაგისტრაცია ვერ მოასწრო, გადასახადიც გაუძვირდა. ასეთი კი, როგორც დოლიძე ამბობს, მწარმოებლების უმეტესობაა. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ფასს აკავებს, მისი თქმით, სუბსიდიაა და როგორც კი ეს შეღავათი დასრულდება, მომხმარებელს პური, მინიმუმ, 20 თეთრით გაუძვირდება.

,,პურის წარმოების ხარჯი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. მარტო საფუარი რომ ავიღოთ, 1 ტომრის (12 კგ) ფასმა 10 ლარით მოიმატა. თუკი აქამდე 32 ლარად ვყიდულობდით, უკვე 42 ლარამდეა გაძვირებული. გაძვირდა ასევე მარილი და წყალი. ერთადერთი, რაც პურის ფასს ინარჩუნებს სუბსიდიაა. ველდოებით, რომ ივნისამდე დაასუბსიდირებენ. შეღავათის დასრულების შემდეგ კი ფასულ, სულ მცირე 20 თეთრით მოიმატებს. ეს არის თვითღირებულების ნამატი და მაღაზია რას იზამს, ვერ გეტყვით. თუმცა მთავრობა ამას ჯერჯერობით არ დაუშვებს, თუნდაც პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. ცხადია, დარგს მხარდაჭერა სჭირდება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში კეთდება, მათ შორის, მეზობელ რეგიონებში", - ამბობს report.ge-თან მალხაზ დოლიძე.

მისივე თქმით, მწარმოებლებს დიდი პრობლემა აქვთ იმის გამოც, რომ დენთან დაკავშირებული 1-წლიანი შეღავათით ვერ სარგებლობენ. 

,,როგორც იცით, ელექტროენერგიაზე მთავრობამ გამოაცხადა სუბსიდია, ეს არის ფაქტობრივად 5-თეთრიანი შეღავათი იმ მეწარმოებლებისთვის, რომლებიც საკვებს ქმნიან. პორტალმა, რომელზეც რეგისტრაცია უნდავ გაგვევლო, სულ 15 დღე იმუშავა და მერე საერთოდ გაქრა. ისე მოხდა, რომ ბევრმა ეს საერთოდ ვერ გაიგო, მათ შორის ჩვენც, ხახამშრალი დავრჩით. წერილი გავაგზავნეთ ეკონომიკის სამინისტროში და ვითხოვეთ დახმარება. გვპირდებიან, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. მოსწრებაზე ხომ არ არის საქმე, დახმარება თუ უნდათ, ინფორმაცია მაინც გაავრცელონ. ძალიან ბევრი პურის მცხობელი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები, სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოხვდნენ. შეიძლება ითქვას, რომ რეალურად არც განხორციელებულა, ბევრი მეწარმე დააზარალა", - ამბობს პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება საფუარის კომპონენტს პურის წარმოებაში, როგორც დოლიძე აღნიშნავს, 100 კილო ფქვილზე 1 კილო საფუარი გამოიყენება.

ეპიდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის სირთულესა და ფასების ზრდაზე საუბრობს report.ge-თან პურის საცხობის მფლობელი, ინდმეწარმე ზაზა ჩიხაშვილი. 

,,რთული პირობები შეგვიქმნა ვირუსმა. რეკომენდაციებს სრულად ვითვალისწინებთ, ამ მხრივ პრობლემა არ შეგვქმნია, მუდმივად ანტისეპტიკური საშუალებებით მუდმივად იწმინდება და მუშავდება საწარმო. ცხადია, ეს დამატებით თანხას მოითხოვს, ამას ემატება საფუარის, წყლის, დენის და ფქვილის გაზრდილი ხარჯი. შეღავათი მეპურეებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ პრობლემა დავძლიოთ", - ამბობს მეწარმე.

შეგახსენებთ, რომ გარკვეული კატეგორიების კვების პროდუქტების მწარმოებელ მეწარმეებს, ელექტროენერგიის ტარიფის ნაწილობრივი სუბსიდირების სარგებლობისთვის, 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში განაცხადი უნდა შეევსოთ ელექტრონულ პლატფორმაზე: https://registration.gov.ge/electricity

შეღავათი ითვალისწინებს 2021 წლის განმავლობაში მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირებას.

1 თვის წინ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომპანიებისთვის, რომლებმაც ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდია ვერ მიიღეს, შესაძლოა სარეგისტრაციო პორტალი ხელახლა გაიხსნას. თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system