თავში

რა დაუჯდება ტურისტებს სავალდებულო covid-დაზღვევა

რა დაუჯდება ტურისტებს სავალდებულო covid-დაზღვევა
რა დაუჯდება ტურისტებს სავალდებულო covid-დაზღვევა

მთავრობა სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობს, რომ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს სპეციალური დაზღვევის პაკეტი, მათ შორის, covid-დაზღვევა შესთავაზოს. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუ რა ეღირება სავალდებულო დაზღვევა უცხოელი მოქალაქეებისთვის, თუმცა, როგორც report.ge-ს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა, ტარიფი იქნება სტანდარტული - 1-1,5 დოლარის ფარგლებში დღიურად, როგორიც დანარჩენ ქვეყნებშია. 

ხეჩინაშვილის ინფორმაციით, მთავრობასა და სადაზღვევო სექტორს შორის უცხოელი ვიზიტორების ქვეყანაში ჩამოსვლისას COVID-19-ის სავალდებულო სადაზღვევო პროდუქტის შექმნასთან დაკავშირებით შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ გაიმართა და მიზნად ისახავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაწეული სამედიცინო ხარჯის შემცირებას.

,,როგორც კი საქართველოს საზღვარი გაიხსნება საერთაშორისო მოგზაურებისთვის, 1 აგვისტოდან, სავალდებულო covid-დაზღვევა უნდა მოქმედებდეს. ადგილობრივებზე ლაპარაკიც არ არის, ცვლილება უცხოელ მოქალაქეებზე გავრცელდება, რადგან მათი ხარჯი ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება და არ მესმის, ჩვენი სახელმწიფო რატომ უნდა იყოს ვალდებული, რომ სხვა ქვეყნების მოქალაქეების ჯანმრთელობაზე დახარჯოს ფული. ცხადია, ეს მთავრობასაც გააზრებული აქვს,  ამიტომ ვიმსჯელეთ, შეიძლება თუ არა, მსგავსი პაკეტის შეთავაზება და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია. ეს უნდა იყოს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა, მათ შორის, covid-19-ზე , რომელიც ყველა ტურისტისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ასეთი მომსახურების საფასური დაახლოებით 1-1,5 დოლარის ფარგლებშია და ამაზე ძვირი არც საქართველოში ეღირება", - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

როგორც დევი ხეჩინაშვილი აღნიშნავს, ეს არის კარგი გზა იმისთვის, რომ მარტივად მოხდეს კორონავირუსის დაზღვევა.  მისი აზრით,  შეზღუდვების პერიოდი კარგი დროა ამ მექანიზმის და პროდუქტების შესაქმნელად.

ცხადია, რომ ტურიზმი უკვე აღარ არის უსაფრთხო და ყველა ქვეყანას უცხოელი მოქალაქეების მისაღებად გარკვეული ვალდებულებებისა და სტანდარტის დაწესება მოუწევს, მათ შორის, საქართველოს. ცნობილია, რომ საქართველოში ტურისტების მიღება 1 ივლისიდან იგეგმებოდა, თუმცა, გუშინ გაირკვა, რომ ეპიდემიური ვითარების გამო ვადა შეიცვალა და ტურისტები კიდევ 1 თვე ვერ შემოვლენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა ივლისის ბოლომდე გადავადდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system