თავში

რა განაპირობებს პლასტიკური ბარათებით გადახდების ზრდას

რა განაპირობებს პლასტიკური ბარათებით გადახდების ზრდას
რა განაპირობებს პლასტიკური ბარათებით გადახდების ზრდას

სპეციალისტების შეფასებით, პლასტიკური ბარათებით გადახდების გააქტიურება როგორც პანდემიის გამო ნაღდი ფულის მიმართ  შიშს, ასევე ბანკების მხრიდან ფულის განაღდებისთვის დაწესებულ საკომისიოს უკავშირდება. საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა report.ge-თან ამბობს, რომ ფულის განაღდების პროცენტი, რაც მომხმარებლის ანგარიშიდან იჭრება, საკმაოდ დიდი თანხაა მწირი შემოსავლის მქონეთათვის, რის გამოც ცდილობენ, ეს ხარჯი აირიდონ.

,,1 წლის წინ, როცა დაიწყო პანდემია, ნაღდი ფულის მიმართ ისტერიული კამპანია წარიმართა. დროთა განმავლობაში ეს პანიკა ჩაცხრა, მაგრამ ნაღდი ფულის გამოყენების მიმართ ნეგატიური განცდა მაინც დარჩა. ბარათების გადახდების ზრდაზე ამ ფაქტორზე მეტად მოქმედებს დაწესებული საკომისიო ფულის განაღდებისთვის, რომელიც 0,2-0,6%-ის ფარგლებშია ფულის მოცულობის შესაბამისად. ცხადია, მცირე შემოსავლის მქონე ადამიანისთვის ეს ცოტა ფული არ არის. ამიტომ, ეს თანხა რომ არ დაიკლონ,  ურჩევნიათ, საბანკო ბარათით გადაიხადონ. ამასთან, მატულობს ტერმინალებით სარგებლობის მაჩვენებელი. ბანკები ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებენ, რომ ნაღდი ფულის მოძრაობა შესუსტდეს, რაც მათ დამატებითი კადრების აყვანის კუთხით ეკონომიის გაწევის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ასეთი ოპერაციები მათთვის ფინანსურადაც მომგებიანია", - ამბობს ლია ელიავა. 

მიუხედავად ამისა, სპეციალისტების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ნაღდ ფულს მიმოქცევის დიდი არეალი აქვს რეგიონებში და მათ მიმართ დიდი ინეტერესია, რასაც არაფერი ემუქრება. ექსპერტი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ ეს დამოკიდებულება რეგიონებში დიდი ხნის განმავლობაში უცვლელად შენარჩუნდება. 

,,ნაღდი ფული მიმოქცევაში კიდევ დიდხანს იქნება გამოყენებული. რა პროპაგანდაც არ უნდა გასწიონ, ამ დამოკიდებულებას რეგიონებში მარტივად არ შეიცვლება. მართალია, ნაღდ ფულს გარკვეული რისკი ახლავს ვირუსთან მიმართებაში, მაგრამ პანდემია გადაივლის, საყოველთაოდ ვერ გაგრძელდება. ის, რომ საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დამკვიდრდება, ეს წარმოუდგენელია. შემცირება კი შორეულ პერსპექტივაში ისედაც მოსალოდნელია ტექნოლოგიების განვითარების შესაბამისად, ისიც იმ შემთხვევაში, თუ პლასტიკური ბარათების გამოყენება საკომისიოების გარეშე იქნება შესაძლებელი. მხოლოდ ასე შეიძლება ნაღდი ფული ჩანაცვლდეს. დღესდღობით პლასტიკურ ბარათებს ფართო გამოყენება აქვს, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით არ მეგულება არც ერთი ქვეყანა, სადაც ნაღდი ფული მიმოქცევაში არ არის. ეს ტენდენცია დიდხანს შენარჩუნდება", - აცხადებს გოჩა თუთბერიძე report.ge-თან საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოში ბარათით გადახდების მაჩვენებელი იმატებს.  პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად ნაღდი ფულის გამოყენების მაგივრად სწორედ საბარათე ოპერაციების შესრულება ითვლებოდა. report.ge დაინტერესდა კოვიდ პანდემიის ფონზე როგორ შეიცვალა საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები. ეროვნული ბანკის სატატისტიკის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის თებერვლისათვის მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 6 084 858 იყო, 2021 წელს კი მან 6 203 908 მიაღწია. საქართველოს ტერიტორიაზე საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა 2019 წელს ჯამურად 341 271 788 იყო, ხოლო 2020 წელს ჯამში ბარათით 375 196 404 ტრანზაქცია შესრულდა. 2019 წელს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბანკებისა თუ უცხოური ბანკების ფილიალების მიერ გაცემული ბარათებით შესრულდა 327 203 491, ხოლო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირებადი იურიდიული პირების მიერ გაცემული ბარათებით შესრულებული ოპერაციები 14 068 297 ერთეულს გაუტოლდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system