თავში

რა პერსპექტივა აქვს ციფრულ ფულს საქართველოში

რა პერსპექტივა აქვს ციფრულ ფულს საქართველოში
რა პერსპექტივა აქვს ციფრულ ფულს საქართველოში

ციფრული ფულის პერსპექტივას ფინანსისტები განსხვავებულად აფასებენ. ნაწილი ამბობს, რომ რიგ ქვეყნებში მუშაობა დაწყებულია და ციფრული ფული მიმოქცევაში მალევე ჩაეშვება, რაც საქართველოსთვის ჯერჯერობით უტოპიაა და მომდევნო 10-15 წელი ეს მიმართულება რეალურად ვერ განვითარდება. თუმცა ასეთ მოსაზრებას არ იზიარებს ანალიტიკოსი ნიკა შენგელია, რომელიც აცხადებს, რომ რეალურად საქართველოში ციფრული ფულის საკითხს ეროვნული ბანკი აქტიურად განიხილავს და რამდენიმე  წელიწადში ნაღდი ფული შეიძლება ციფრულით ჩანაცვლდეს. 

,,ციფრული ფულის შემორება ემსახურება, რომ დაწესდეს ტოტალური კონტროლი მთელ მოსახლეობებზე, რითაც ნებისმიერი ადამიანის გაკონტროლება იქნება შესაძლებელი - სად იმყოფება, რითი სულდგმულობს და სხვა. ფაქტობრივად ნაღდი ფულის გაქრობა შეიძლება მოხდეს 2030 წლამდე. შესაბამისად, ადგილი არ იქნება ,,შავი ფულისთვის" და ბიუჯეტში მეტი თანხა შევა. რამდენადაც ვიცი, მომავალი წლიდან საქართველოშიც იგეგმება ამ მიმართულებით მუშაობა. 2021 წლის ოქტომბერში ჩინეთი უშვებს ციფრულ ფულს. ასევე ამერიკასა და რუსეთში დაწყებულია ამაზე საუბრები და ქვეყნები მზად არიან ცვლილებისთვის. რუსეთში ციფრული ფულის დაწესებას მიესალმებოდნენ იმით, რომ აღარ იქნებიან დამოკიდებუული სავალუტო ფონდზე. ჩვენი ლარი ეკონომიკაში რომ შევიდეს დოლარში უნდა დახურდავდეს ან სებ-მა გაყიდოს ოქრო და ისე შემოუშვას დაამატებითი ლარი ეკონომიკაში, ამასაც ექცევა ყურადღება. სავალუტო ფონდი ამასთან დაკავშირებით ნეგატიურ განცხადებას აკეთებდა მაგრამ მერე თვითონ ჩაერთო ციფრული ვალუტის განვითარებაში", - აცხადებს ნიკა შენგელია report.ge-თან.

მისი თქმით,  აღნიშნულის მისაღწევად საკმარისი იყო ისეთი მიზეზების დასახელება, რაც ფულს, როგორც საშიში ინფექციის გადამტანს უკავშირდება, რასაც, შენგელიას განცხადებით, კორონავირუსი ჯერჯერობით საკმაოდ წარმატებით ახორციელებს. 

ციფრული ფულის პერსპექტივას ნაკლებად ხედავს ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი. მისი თქმით, აბსოლუტურად თითიდან გამოწვეული ინიციატივაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოში , მინიმუმ, 10-15 წელი ციფრული ფულის გამოყენება შეიძლება, რადგან როგორც ფინანსისტი აღნიშნავს, ამისთვის ინფრასტრუქტურაც არ არის მზად. 

,,ციფრული ფულით მხოლოდ და მხოლოდ შეზღუდული ფორმატის ტრანზაქციის გაკეთება შეიძლება, რადგან რეალურად არ შეიძლება შედარება ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან და ა.შ. საქართველოში ციფრულ ვალუტაში მოთხოვნილება არ არის და არ ქინება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში. ამდენად, ციფრული ფული იქნება შეზღუდული გამოყენების არეალში, დანარჩენი, იქნება აბსოლუტურად არამიმზიდველი. ნებისმიერი კრიპტო ან ციფრული ვალუტა მაშინ არის მიმზიდველი, როდესაც აქციები ასახულია ციფრულ ფულში, ჩვენ ამ შესაძლებლობას მოკლებული ვართ. მით უმეტეს, არც ერთი ვალუტა მსოფლიოში ოქროთი ან სხვა ქონებით არ არის უზრუნველყოფილი, ამიტომ ამ ეტაპზე ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი, ტყუილად დაიხარჯება ფული ამ სისტემის შექმნაზე. ეს არ იქნება არც ვალუტის სტაბილურობის მაჩვენებელი, პოზიტიურს ვერაფერს მოიტანს. განვითარებულ ქვეყნებს ნუ ვედრებით, რადგან მათგან შედარებით, ეკონომიკაც და ბიზნეს გარემოც ძალიან ჩამორჩენილია. ჯერ ვნახოთ, რა დონეზე იმყოფებიან ეს ქვეყნები და მერე დავფიქრდეთ ციფრული ფულის გამოყენებაზე", - აცხადებს report.ge-თან ხომიზურაშვილი. 

ცნობისთვის, აშშ-ში შემდეგი 12 თვის განმავლობაში ციფრული დოლარის 5 საპილოტე პროგრამა ჩაეშვება. ამით აშშ-ში ციფრული ვალუტის პოტენციურ გამოყენებას შეამოწმებენ.პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Accenture დააფინანსებს და მასში ჩაერთვებიან ფინანსური ფირმები, საცალო ვაჭრობის კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მიღებულ მონაცემებს აშშ-ს ხელისფლებაში ციფრული დოლარის განვითარებისთვის გამოიყენებენ.

ცნობილია, რომ ციფრული ევროს გამოშვებისთვის ევროპაც ემზადება. რაც შეეხება საქართველოს, ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას საქართველოც განიხილავს. ციფრულ ლარს გადახდის საშუალების სტატუსიც ექნება. პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ითანამშრომლოს. ფინტექ ასოციაციაში აცხადებენ, რომ ციფრული ლარი ეკონომიკის გაციფრულების წინაპირობაა. ფინტექ კომპანიები ეროვნული ბანკის ინიციატივას ციფრული ლარის შექმნაზე იწონებენ, თუმცა ამბობენ, რომ ახლო მომავალში ეს შეუძლებელი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system