თავში

რა რჩება გამოწვევად შრომის უსაფრთხოების ბაზარზე

რა რჩება გამოწვევად შრომის უსაფრთხოების ბაზარზე
რა რჩება გამოწვევად შრომის უსაფრთხოების ბაზარზე

საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და კადრების დეფიციტი ძირითადი საკითხებია, რაც შრომის უსაფრთხოების ბაზარზე ჯერჯერობით გამოწვევად რჩება. ამის შესახებ report.ge-თან ,,გაერთიანებული პროფკავშირების" წევრი ნიკა კაკაშვილი საუბრობს. მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების კანონი ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაშია, ასევე შრომის ინსპექციის შესახებ  კანონიც, თუმცა კანონქვემდებარე აქტებთან დაკავშირებით პრობლემაა.

,,ქართული ტექნიკური რეგლამენტი ფარავს ეკონომიკური საქმიანობის გარკვეულ სეგმენტს, დაახლოებით 65%-ს დანარჩენი შემთხვევაში, ძველი საბჭოური ნორმალტიული აქტებით ხელმძღვანელობს ბიზნესი, რაც გამოსასწორებელია. პრობლემა ძირითადად კანონქვემდებარე აქტებთან დაკავშირებითაა. რაც შეეხება უშუალოდ უბედური შემთხვევების რაოდენობას, კლება ფიქსირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, სამშენებლო სექტორში.  2019  წელს  გარდაცვალების 29 შემთხვევა, 2020 წელს  11 გარდაცვლილია. ძირითადი შენიშვნები, რაც პროფკავშირს კანონთან დაკავშირებით ჰქონდა, ძირითადად გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც არის ნაკლოვანებებია, განსაკუთრებით ის, რომ  შრომის ინსპექტორთა რაოდენობა მცირეა. 90 ინსპექტორი უნდა გვყავდეს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ 54 ინსპექტორია ამ ეტაპზე, რაც ცხადია, არასაკმარისია", - ამბობს კაკაშვილი და დასძენს, რომ განსაკუთრებით რეგიონული მასშტაბით განაწილების პრობლემაა. 

,,მთავრობა გეგმავს, რომ რეგიონალური ფილიალები გაიხსნას აჭარასა და იმერეთში, მაგრამ ჯერ მხოლოდ სურვილია, რაც ინსპექციის ეფექტურ მუშაობას, სწრაფი რეაგირების მხრივ, ხელს უშლის. როცა შეტყობინება მოდის, მაგალითად, ბათუმში რაიმე დარღვევა მოხდეს, ამას სჭირდება მივლინებით გამგზავრება, რაც დროში იწელება და ხარჯთანაც არის დაკავშირებული, შრომის ინსპექცია უფრო მოქნილი უნდა იყოს, ამას ხელს შეუწყობს მათი რიცხოვნების ზრდა და რეგიონალური განაწილება", - დასძენს ნიკა კაკაშვილი report.ge-თან.

კადრების დეფიციტზე აკეთებს აქცენტს შრომის უსაფრთხოების ექსპერტი, კახა დათიაშვილი. 

,,დასაქმებულთათვის სამუშაო გარემო უნდა იყოს უფრო უსაფრთხო, რაც ადამიანებს ჯანსაღ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. სამწუხაროდ, სპეციალისტების ნაკლებობაა, დღესდღეობით გადამზადებულია რამდენიმე ათასი სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, მაგრამ ეს ჯერჯერობით მაინც არასაკმარისია. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შრომის ინსპექციის ვალდებულებები გაფართოვებულია და მან შეითავსა შრომითი პირობების კონტროლი და შრომითი ურთიერთობები, რომელიც დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობას დაარეგულირებს" - ამბობს კახა დათიაშვილი report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ  2021 წლის პირველ კვარტალში, სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 25% -ით, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით - 50%-ით შემცირდა. ამის შესახებ report.ge-ს შრომის ინსპექციის დეპარტამენტში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, იკლო სამშენებლო სექტორში სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედურმა შემთხვევებმაც. 2021 წლის პირველ კვარტალში, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 75 %-ით ნაკლები შეადგინა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ხოლო უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ იმავე პერიოდთან შედარებისას - 27%-ით იკლო.

ცნობისთვის, დღეს შრომის უსაფრთხოების დაცვის საერთაშორსიო დღეა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system