თავში

რა საფრთხეს უქმნის ბანკებს უმოქმედო სესხების ზრდა

რა საფრთხეს უქმნის ბანკებს უმოქმედო სესხების ზრდა
რა საფრთხეს უქმნის ბანკებს უმოქმედო სესხების ზრდა

სპეციალისტები უმოქმედო სესხების ზრდასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მოსაზრებას იზიარებენ. როგორც ,,ევროპის უნივერსიტეტის" პრორექტორი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, სებ-ის პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურია და ამ კატეგორიის სესხების ზრდა 10%-ს ბევრად გადააჭარბებს, შესაბამისად, საბანკო სექტორს დიდი პრობლემა ელის და შეიძლება დახმარებაც დასჭირდეს მთავრობის მხრიდან.

,,უმოქმედო სესხების 10%-ით ზრდა ოპტიმისტური ვარიანტია, არაფერი არ მუშაობს, შესაბამისად უმუშევარი ადამიანები სესხებს ვერ გადაიხდიან. ეროვნული ბანკი, ასევე მთავრობა, მზად უნდა იყოს, რომ დაეხმაროს სექტორს, რაშიც იგულისხმება რესურსების მოზიდვა როგორც გარედან, ასევე ქვეყნის შიგნითაც უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. სწორი ეკონომიკური ხედვა უნდა გვქონდეს ამ მიმართულებით.  საქმე საკმაოდ რთულადაა, უმოქმედეო სესხები თუ 10%-ის ფარგლებში დაფიქსირდება, საუკეთესო, ოპტიმისტური ვარიანტია, მაგრამ არ მგონია, ასე გაგრძელდეს. წესით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბანკმა უნდა ჩამოწეროს ეს სესხი, მარეგულირებელი ნორმით ევალება. ბანკების კაპიტალიზაცია შემცირებული 7-8%-ით და შეიძლება კიდევ შემცირდეს. ყოველდღიურად უარესდება მათი მდგომარეობა ამ კუთხით და დახმარება დასჭირდებათ", - აცხადებს  report.ge-თან გოჩა თუთბერიძე.

ასე ფიქრობს ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ ხომიზურაშვილიც. უმოქმედო სესხების წილის ზრდას ის გადახდისუნარიანობის კლებას უკავშირებს და განმარტავს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ ბიზნესი პრობლემის მოგვარებას შეძლებს. 

,,ჩიხური სიტუაციიდან მარტივად ვერ გამოვალთ. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ამიტომ უმოქმედო სესხების ზრდა ბუნებრივია. ეკონომიკის ჩაკეტილობამ ბევრი პრობლემა შექმნა. პირველ რიგში ის, რომ , ბიზნესსა და მოსახლეობაში შემოსავლების კლებამ დანაკარგები გამოიწვია საბანკო სექტორში, რის გამოც ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა იზრდება.  ველოდები, რომ დროთა განმავლობაში ბიზნესი დაკარგულ ძალებს აღიდგენს, მოსახლეობაც შეძლებს კრიზისიდან გამოსვლას, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ვფიქრობ, უიმედო სესხების ფაქტორი ჯერჯერობით ზრდას გააგრძელებს. ბანკი თვითონაც მძიმე მდგომარეობაშია და სესხების ჩამოწერა დიდ პრობლემას შეუქმნის. სექტორს მთავრობის მხარდაჭერის გარეშე ამ პრობლემის დაძლევა შეიძლება გაუჭირდეს", - აცხადებს report.ge-თან ვახტანგ ხომიზურაშვილი.

ცნობისთვის, ქვეყნის საბანკო სისტემაში არსებული უმოქმედო სესხების წილი წელს 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ამჟამად 8.4%-ს შეადგენს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (მპკ-ის) სხდომის შემდეგ განაცხადა. 

საქართველოს პირველი ბანკირის განმარტებით, 2021 წლის პირველ ნახევარში უმოქმედო სესხების მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 10%-მდეც გაიზრდება, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უმოქმედო სესხების ზრდისთვის საბანკო სისტემა მზად არის, რადგანაც ბანკებმა 2020 წლის გაზაფხულზე სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის წინასწარ 1 მილიარდი ლარი დაარეზერვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system