თავში

რა სჭირდება სოფლის მეურნეობას მთავრობისგან

რა სჭირდება სოფლის მეურნეობას მთავრობისგან
რა სჭირდება სოფლის მეურნეობას მთავრობისგან

მთავრობის მხრიდან აგრარული სექტორის დასახმარებლად გაწეული ღონისძიებების მიუხედავად, სპეციალისტთა ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ აგრარული პროგრამების უმეტესობა ფერმერულ მეურნეობებში კონკურენტუნარიანობას ამცირებს. არებობს მოსაზრება, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა, სექტორის მდგრადობას მთავრობა საკანონმდებლო აქტებით უწყობდეს ხელს, როგორც ამას სხვა, განვითარებული ქვეყნები ახერხებენ. ასე ფიქრობს ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი, მათე გარდავა, რომელიც ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა დარგში მიწების პრივატიზაციაა, რის შემდეგაც დარგი ინვესტიციებს უფრო თამამად მოიზიდავს და თავსაც მიხედავს.

,,მთავრობის მოვალეობა არ უნდა იყოს სოფლის მეურნეობაში პროექტების კეთება. ეს არის ფერმერების საქმე, რომლებიც ჩართული არიან სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობაში. გარედან შეიძლება ჩანს, რომ საშვილიშვილო საქმეს ეყრება საფუძველი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ბიუჯეტიდან ფულის განაწილება, დახმარება ასეთი კონკურენციას ანგრევს, ამიტომ სახელმწიფოს ჩარევის მომხრე არ ვარ სოფლის მეურნეობის სფეროში, მართალია, საბაზრო ეკონომიკის ქვეყნები ასე მუშაობენ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ სწორია, მით უმეტეს, საქართველოში. მთავრობამ, პირველ რიგში, პრივატიზაციის პროცესს უნდა მიხედოს, მიწები გახდეს კერძო, ამის ბევრი მეთოდია, მათ შორის უფასო რეგისტრაცია, რასაც მხარს ვუჭერ. სოფლის მეურნეობაში მიწა მთავარი აქტივია და მისი ღირებულება უნდა გაიზარდოს. ამის მერე დარგი ინვესტიციებს თვითონ მოიზიდავს, სახელმწიფოს ჩარევა არ დასჭირდება. მთავრობა არ უნდა ერეოდეს ფერმერული მეურნეობების საქმიანობაში, პირველ რიგში, არ უნდა იყოს მესაკუთრე და მიწის ძირითადი მიმწოდებელი ბაზარზე, ამის პრეცენდენტს ვერც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ვერ ნახავთ. შესაბამისად, მიწას სახელმწიფო არ უნდა ჰყიდდეს, სანაც ეს პრობლემა არ მოგვარდება, მდგომარეობა ვერ გამოსწორდება და ვერც აგრარული სექტორი განვითარდება", - აცხადებს მათე გარდავა.

შეგახსენებთ, რომ მათე გარდავა მიწის რეგისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნაკლებ ინტერესს სპეციალისტები მიწის სიიაფით ხსნის და აცხადებს, რომ დაბალი ფასის გამო ხალხი რეგისტრაციის მიმართ პასიურია. მიზეზი კი, როგორც გარდავა აღნიშნავს, მიწების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობაა, რაც მიწის ღირებულებაზეც ნეგატიურად აისახება.

თუმცა მთავრობისთვის აგრარული სექტორის მხარდაჭერა და დაწყებული პროგრამების გაგრძელება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, რაშიც საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი მხარდაჭერაც აქვს. როგორც ცნობილია, სოფლის განვითარების ხელშეწყობა და სოფლად ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. COVID-19-ის პანდემიის პირობებში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სოფლად ეკონომიკის დივერსიფიცირება და არაფერმერული ბიზნესის განვითარებაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system