თავში

რამდენად გამართლებულია covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები

რამდენად გამართლებულია covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები
რამდენად გამართლებულია covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები

მთავრობა ირწმუნება, რომ ,,ლოკდაუნი" არ იქნება, თუმცა შეზღუდვების წრე უფრო და უფრო მატულობს. სპეციალისტების შეფასებით, ეკონომიკა ამით უფრო მეტად შედის კრიზისში, თუმცა ეპიდემიური სიტუაციის გამო შეზღუდები გარდაუვალია. 

ცხადია, რომ რეგულაციები ზღუდავს ეკონომიკას და უმუშევრობის დონეს ზრდის, თუმცა, როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აღნიშნავს, წინააღმდეგ შმთხვევაში, შეიძლება ქვეყანა ეპიდემიურ აფეთქებამდე მივიდეს, რის გამოც მთავრობა იძულებულია, ეკონომიკას წერტილოვანი შეზღუდვები დაუწესოს.

,,შეზღუდვები ეკონომიკის არასრულფასოვანი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ გარდაუვალი. ვხედავთ, რომ მკაცრი რეგულაცია ამცირებს აქტიურობას, მაგრამ ეკონომიკური საქმიანობის ნებაზე მიშვებით გამოუსწორებელ ზიანს მივიღებთ. ცხადია, ეკონომიკა რაღაც დოზით იფუნქციონირებს, მაგრამ მცირე მასშტაბით. ხმაურიანი ინვესტიციები ენერგეტიკაში ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ მასშტაბებია შემცირებული.  მართალია, ეკონომიკის, მომსახურების სფეროში რეგლამენტირებულია მუშაობა, მაგრამ ამის იქით ვერ მივდივართ. უმუშევრობამ მკვეთრად იმატა, რაც შეზღუდვებით არის განპირობებული. რეგულაციები ზღუდავს ეკონომიკას - ტურიზმი ჩავარდნილია, სასტუმროების, რესტორნების, კვების ობიექტების საქმიანობა, მომსახურების სახით, რეალურად შეზღუდულია. ამ დროს მომსახურების სეგმენტის წილი მშპ-ში დაახლოებით 68% -ია და მისი ფუნქციონირების შეზღუდვა  სერიოზულ დანაკარგს იწვევს. ასეთ სიტუაციაში იმედის მომცემია, რომ ფინანსური მომსახურება არ შეზღუდულა, განათლებაშიც სერვისები შენარჩუნდა, მაგრამ შემცირებული მასშტაბით, რადგან დღეს სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მთავრობამ არჩევანი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სასარგებლოდ გააკეთა და ყველა დანარჩენი ღონისძიება ამ მიზნის მიღწევას ემსახურება", - აცხადებს ავთო სილაგაძე report.ge-თან.

აღსანიშნავია, რომ დამატებითი შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილებით,  რესტორნების მუშაობის დრო მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდება და ისინი 22:00 საათამდე იმუშავებენ.

შეზღუდვების ახალი ტალღა განათლების სისტემასაც შეეხო და დიდ ქალაქებში, როგორიც არის თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი სასწავლო პროცესი 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ასევე, დისტანციურ რეჟმში გაგრძელდება სწავლა აჭარის რეგიონში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system