თავში

რამდენად სწორი იქნება ლარიზაციის დროებითი შერბილება

რამდენად სწორი იქნება ლარიზაციის დროებითი შერბილება
რამდენად სწორი იქნება ლარიზაციის დროებითი შერბილება

ფინანსისტების შეფასებით, ლარიზაციის შერბილება, თუნდაც დროებითი, სავალუტო ბაზარზე ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს. მათი განცხადებით, ასეთი ზედაპირული, ცალმხრივი მიდგომა ეკონომიკურ გარემოს დააზარალებს.  ასე ფიქრობს ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი  ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომლის განცხადებითაც, ლარიზაციის უფრო მეტად გამკაცრება ეკონომიკური გაჯანსაღების მხრივ დადებით გავლენას მოახდენს და ამ მიმართულებით უფრო შესაძლებელია მივიღოთ ზომები, ვიდრე პირიქით, ლარიზაცია შემსუბუქდეს და ამან სავალუტო ბაზარზე ნეგატიური პროცესები გაღრმავდეს.

,,დოლარიზაციის ზრდა ნეგატიური მოვლენაა, შეიძლება  ვალუტის მიწოდების თვალსაზრისით, ეს არ არის სწორი  მიდგომა, რამდენადაც კიდევ უფრო შეასუსტებს ლარს. აქ საუბარი არ არის, რომ დოლარი მეტი შემოვა, თუ იქნება შესაბამისი გარემო, ისედაც შემოვა როგორც დოლარი, ასევე ევროც. რაც შეეხება დოლარიზაციის გაზრდას, შეასუსტებს ლარის პოზიციას, სტაბილური კურსის პირობებში დოლარში მიღებული სესხები საკმაოდ ძნელად გადასახდელია. ერთი მხრივ, შეიძლება საკრედიტო დაწესებულებებს რაღაც გარანტიები გაუზარდონ, მაგრამ მეორე მხრივ, მსესხებლების პოზიციას დარტყმას მიაყენებს. ასეთი მიდგომა, ლარიზაციის შერბილება, არ არის სწორი, პირიქით, ლარიზაცია უნდა იყოს შენარჩუნებული და გამკაცრებული. პრობლემა სხვა რამეშია, რომ არ არსებობს ისეთი საინვესტიციო გარემო შექმნილი, რომელიც განაპირობებდა უცხოური ვალუტის შემოდინებებას ქვეყნის ეკონომიკაში. არ არის ისეთი პროექტები და კომპანიები, სადაც უცხოელი ინვესტორი თანხების დაბანდებას მოინდომებდა", - ამბობს ხომიზურაშვილი.

რაც შეხება უშუალოდ დოლარში ნომინირებული ინვესტიციების შემოდინებას, მეცნიერის შეფასებით, ის რეალურად მოითხოვდა კონვერტაციას ლარში, რაც გაამყარებდა ლარის კურსს და უფრო სტაბილურს გახდიდა. 

ამდენად, როგორც ვახტანგ ხომიზურაშვილი აღნიშნავს, ასეთი  ზედაპირული ცალმხრივი მიდგომა მხოლოდ აზიანებს ეკონომიკურ გარემოს საქართველოში, რა მხრივაც ლარიზაციის შერბილების მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება არასწორი იქნება.

ცნობისთვის, საბანკო სექტორი ითხოვს შემსუბუქდეს ლარიზაციის პროცესისთვის გადადგმული შეზღუდვები, რაც მოკლევადიან პერიოდში ხელს შეუწყობს ბაზარზე ვალუტის მიწოდებას. ამის შესახებ საბანკო ასოციაციაში აცხადებენ.

ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, მოთხოვნილია 200 ათას ლარიანი ჭერის შემცირება და სავალუტო მოზიდვაზე რეზერვის მოთხოვნის შემსუბუქება.

რაც შეეხება დოლარიზაციის დონეს, ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, 2016-2020 წლებში სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია 14%-ით შემცირდა. მათივე განმარტებით, დედოლარიზაცია და ლარიზაცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების აუცილებელია, თუმცა ადვილი შესასრულებელი არაა. სებ-ის განმარტებითვე, დედოლარიზაციის პოლიტიკის წარმატება მხოლოდ ეროვნულ ბანკზე არ არის დამოკიდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system