თავში

რას ემყარება სებ-ის მონეტარული პოლიტიკის დადებითი შეფასება

რას ემყარება სებ-ის მონეტარული პოლიტიკის დადებითი შეფასება
რას ემყარება სებ-ის მონეტარული პოლიტიკის დადებითი შეფასება

სავალუტო ფონდის მხრიდან ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასებას მცურავ კურსსა და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით სპეციალისტები სუბიექტური დამოკიდებულებით ხსნიან. საბანკო სფეროს  ექსპერტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი report.ge-თან ამბობს, რომ სსფ-ის რეკომენდაცია იყო, ხელი შეეწყოთ მცურავი კურსისთვის  და ცხადია, ამ მიმართულებით სებ-ის საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაცია დადებითად მიიჩნევს, რაც სინამდვილეში საფუძველს მოკლებულია.

,,ყველა ქვეყანაში, სადაც სსფ-ის რეკომენდაციით სარგებლობენ, ის ყოველთვის იცავს მცურავი კურსის რეჟიმის პოლიტიკას, ამიტომ ეს შეფასება მოსალოდნელიც იყო. ამით სსფ-ს ახალი არაფერი უთქვამს, ყველა ქვეყანასთან ერთი და იგივე სცენარით მუშაობენ. რაც შეეხება სებ-ის პოლიტიკას, გასარკვევია, აქვს თუ არა სხვა ალტერნატივა სავალუტო რეჟიმთან დაკავშირებით, რომ არ დაიცვას ან არ განახორციელოს მცურავი კურსი.  როგორც წესი, ეკონომიკა ამაგრებს ფულის კურსს, ასეა ყოველთვის და არა ფულის გამოცემა. თუკი იმპორტზე ვართ ორიენტირებული და მოთხოვნა მაღალია, არ მესმის, როგორც უნდა გაამყარო კურსი, როცა ამ პროცესის საპირისპიროდ, ექსპორტი მინამალურ დონეზეა და არც სხვა ეკონომიკური პარამეტრები გამოიყურება ჯანსაღად. ტურიზმი, ინვესტიციები, ყველაფერი გამოგვაკლდა, რაც ლარზე დადებითად მოქმედებდა",  -ამბობს თოქმაზიშვილი.

მისი შეფასებით, სანამ ეკონომიკას არ გავაძლიერებთ და იმპორტს ადგილობრივი წარმოებით არ ჩავანაცვლებთ, პრობლემა ვერ გამოსწორდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მეცნიერი აცხადებს,  ყოველთვის იქნება კრიტიკა სებ-ის მიმართ, რომლის ღონისძიებები ვერ ცვლის მდგომარეობას, რადგან ეკონომიკურად არახელსაყრელი პირობებია, რაც კურსზე ნეგატიურად მოქმედებს.

ეროვნული ბანკის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა მიუღებელია საბანკო სფეროს ექსპერტ ლია ელიავასთვის. ის ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი ბანკი პოლიტიკა ვერ უწყობს ხელს ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, რაც აიხსნება რიგი ობიექტური, მაგრამ ამავე დროს, სუბიექტური მიზეზებითაც.

,,სანამ ეროვნული ბანკი იქნება სავალუტო ფონდის აბსოლუტურად დამჯერი ორგანიზაცია და განახორციელებს მის ყველა მითითებას ზედმიწევნით, ასეთ შემთხვევაში სავალუტსფ-ის მოსაზრებები იმ ფონზე, როცა არასწორი მონეტარული პოლიტიკის გამო ზარალდება ქვეყნის ეკონომიკა, არ მიმაჩნია ადეკვატურ შეფასებად. მით უმეტეს იმ  სიტუაციაში, როცა ლარის კურსი ანგრევს ბიზნესს და აღატაკებს მოსახლეობას. წესით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ხელს უნდა უწყობდეს ეკონომიკის ზრდას, უმუშევრობის შემცირებას, მოსახლეობის კეთილდღეობის მიღწევას და ბიზნესის საქმიანობის გააქტიურებას, სხვა შემთხვევაში მისი პოლიტიკა არის უღიმღამო, რომელიც განვითარების პროცესს ხელს უშლის და უვარგისია", - აცხადებს report.ge-თან ლია ელიავა.

შეგახსენებთ, რომ სსფ ლარის მცურავ კურსს იწონებს. ,,ჩვენ მიგვაჩნია, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი კვლავ ადეკვატური და სწორია საქართველოსთვის," - ასე ფიქრობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, სუბირ ლალი. 

სსფ-ის მხრიდან აღინიშნა, რომ ოთხწლიანი პროგრამის მიმდინარეობისას, ქვეყანაში ხორციელდებოდა მართებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, რაც დადასტურდა საქართველოს მიერ ევრობონდების წარმატებული გამოშვებით და ინვესტორთა ნდობით. ამასთან, აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ფისკალური კონსოლიდაციისა და ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system