თავში

რატომ ვერ იყიდება სახელმწიფო საწარმოების უმეტესობა

რატომ ვერ იყიდება სახელმწიფო საწარმოების უმეტესობა
რატომ ვერ იყიდება სახელმწიფო საწარმოების უმეტესობა

აბალი კონკურენცია, ზარალიანობა და არახელსაყრელი საბაზრო პირობები მცირე ჩამონათვალია პრობლემებს შორის, რაც სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის პროცესს აფერხებს. ამის შესახებ report.ge-თან ეკონომისტი გივი მომცელიძე საუბრობს. მისი თქმით, მდგომარეობის გამოსწორება დიდწილად რეფორმის საშუალებით შეიძლება მოხერხდეს, თუმცა აუცილებელია საპრივატიზაციო წინადადებების დახვეწა და ბიზნესის ინტერესებისთვის მორგება, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის შესაძლებელი.

,,ხშირად ხდება, როცა საწარმოს მენეჯმენტს არც აქვს მოგებაზე გასვლის მიზანი, რადგან იცის, რომ წაგებაზე ყოფნით პასუხს არ აგებს. თვითონ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა მოგვარდეს და სწორი დასკვნა დაიდოს, რაც სპეციალური კვლევებით არის შესაძლებელი. კარგია, რომ მთავრობა ახლა ამ საკითხით განსაკუთრებით ინტერესდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, ბიზნესს შესთავაზონ ისეთი პირობები, რაც მისთვის ხელსაყრელია. კერძო სექტორის განვითარება თუ გვინდა, იგი სახელმწიფო ინტერვენციებისგან მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. ალბათ, საწარმოების რაღაც ნაწილი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში დარჩება, მაგრამ დეტალურად უნდა განიმარტოს თითოეული ობიექტის მიზნობრიობა, რადგან პირდაპირ შედის ბიზნესთან კონკურენციაში და ხშირად ბიზნესს ვერ აძლევს განვითარების საშუალებას. ვიმედოვნებ, რომ რეფორმა საწარმოების მომგებიანობის და კონკურენტუნარიანობას გაზრდის და საბოლოოდ ბიზნესიც უფრო გაბედულად მიირებს გადაწყვეტილებას, რასაც სწორედ რეფორმამ უნდა შუწყოს ხელი", - აცხადებს მომცელიძე.

სახელმწიფოს საწარმოების პრივატიზაციის წარუმატებლობის მიზეზად ბიზნესის სამართლის ექსპერტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი სწორედ შესაბამისი კვლევების არქონას და იმ პირობებს მიიჩნევს, რაც რეფორმის ფარგლებში არის ბიზნესისთვის შეთავაზებული. ხოლო წარუმატებლობის მაგალითად ჩარგეიშვილი ,,რიყის დოქებს" მიიჩნევს და საუბრობს მიზეზებზე, რის გამოც ეს ობიექტი, უკვე მესამედ ჩატარებულ აუქციონზეც კი, გაუყიდავი დარჩა.

,,თავის დროზეც, როცა ,,რიყის დოქები" აშენდა, საბოლოო სახე ობიექტმა ვერ მიიღო. იმ პერიოდში ამ ,,დოქების" სრულყოფა, ექსპლუატაციაში მიღების თვალსაზრისით, არ მოხდა. ამის შემდეგ მიმდინარე უკვე ,,ოცნების" ხელისუფლებამ არ მოიწონა ამ ობიექტში ფულის ხარჯვა და რეალურად კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა, თანაც ისე, რომ მისი საექსპლოატაციო მდგომარეობის შეჩერება მოახდინეს. ამის შემდეგ დაიძრა პრივატიზაციასთან დაკავშირებული საკითხი და მრავალი წელია უკვე, მისი გაყიდვა დღის წესრიგში დგას. აქედან გამომდინარე, იმ პერიოდში მსოფლიო მოთხოვნები და ბაზრის კვლევა, რომელსაც ეყრდნობა ხოლმე საპრივატიზაციო წინადადების მომზადება, აბსოლუტურად სხვა გარემოებებში ჩატარდა, სხვა მოთხოვნილებები იყო. ერთ-ერთი წინაპირობა, რის გამოც არ გაიყიდა ობიექტი, არის ისიც, რომ ახალი კვლევა არ განხორციელებულა, თუ რა მოთხოვნა შეიძლებოდა ყოფილიყო ბაზარზე ინვესტორის მხრიდან და ძველი პირობით გავიდა აუქციონზე, შესაბამისად, ვერც ინტერესი გამომჟღავნდა. პირობითად, ეს რომ ყოფილიყო ჰიდროსადგურის მშენებლობა, ერთი დანიშნულება ექნებოდა, მაგრამ რადგან ,,რიყის დოქები" ტურისტული ბაზრისთვის იყო გათვლილი, ხოლო საქართველოში ტურიზმი ჩავარდა, ამიტომ ტურისტული ობიექტები მოთხოვნადიც აღარ არის. ამიტომ ახალი ვითარების გათვალისწინებით, ახალი პირობები უნდა ჩამოყალიბებულიყო, რის შესაბამისადაც გაიტანდნენ ობიექტს გასაყიდად", - ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ცენტრში გათავსებული ობიექტი ე.წ. "რიყის დოქები" ისევ არ გაიყიდა. ობიექტის საწყისი ღირებულება 71.25 მილიონი ლარი იყო. აუქციონი გუშინ დღის ბოლოს დასრულდა და მისი შეძენა არცერთმა ინვესტორმა არ ისურვა. ეს "რიყის დოქების" პრივატიზებისთვის გამოცხადებული რიგით მესამე აუქციონი იყო.

თვადაპირველად ობიექტს თბილისის მერია 1 ლარად ჰყიდდა და არ გაიყიდა. კალაძემ ინვესტორების დაბალი ინტერესი იმით ახსნა, რომ ობიექტზე დაახლოებით 20 მილიონის სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ მთლიანად მოწესრიგდეს, რემონტი ჩატარდეს და რამე კონკრეტული ფუნქცია მიენიჭოს. კალაძე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცხადებდა მზაობას, რომ, თუ პრივატიზება ვერ მოხდებოდა, თანხები ობიექტის მოსაწესრიგებლად, შესაძლოა მერიას გამოენახა.

ცნობისთვის, უფრო ადრე, "რიყის დოქებში" გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს ღვინის მუზეუმის განთავსების იდეა ჰქონდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system