თავში

როგორია რეალური ინფლაცია საქართველოში

როგორია რეალური ინფლაცია საქართველოში
როგორია რეალური ინფლაცია საქართველოში

პროფესორი პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ რეალური ინფლაცია დაფიქსირებულ სატატისტიკას, სავარაუდოდ, ბევრად აღემატება, თუმცა მისი მასშტაბი სინამდვილეში უცნობია და მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება გამოჩნდეს. მისი თქმით, ეროვნული ბანკი არსებული მექანიზმით ვერ ახერხებს ინფლაციის მოთოკვას, რაც რიგი ობიექტური, მაგრამ სუბიექტური მიზეზითაც არის გამოწვეული. 

,,ინფლაციის არსებული დონე სტანდარტში ჯდება, საგანგაშო არ არის, მაგრამ არსებობს ფარული ინფლაციაც, რაც უკვე დიდი საფრთხის შემცველია, რამდენადაც ხელს უწყობს მოსახლეობის გაღარიბებას. მართალია, ეროვნული ბანკის მონაცემით, ინფლაცია  არ შეცვლილა დიდად, მაგრამ მოქალაქეები ასე არ ფიქრობენ, მით უმეტეს, იმპორტზე ვართ დამოკიდებული, ლარი უფასურდება და ყველაფერი ეს ფასებზე მტკივნეულად აისახება. ამ დროს სებ-ის მთავარი ამოცანა მონეტარული პოლიტიკის სტაბილურობაა. მოქალაქეებს სულაც არ აინტერესებთ, თარგეთირების რა მექანიზმი აქვს სებ-ს, მაგრამ ხედავენ, რომ კურსი უფასურდება და ამის მოგვარებას არავინ ცდილობს. შესაბამისად, ინფლაცია დიდ გამოწვევად რჩება, რეალური ინფლაცია არის უხილავი, რომელსაც ვერ ვგრძნობთ, მაგრამ პერსპექტივაში გამოჩნდება.  თუმცა ვხედავთ, რომ ეკონომიკა დღეს ძალიან ცუდი მოცემულობის წინაშეა. შესაბამისად, საფრთხეშია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, რამაც სტაბილურობას უნდა შეუწყოს ხელი, მათ შორის, ინფლაცია. სამომხმარებლო ფასები, რაც იყო წინა თვეების განმავლობაში და რა იყოს დღეს, აბსოლუტურად განსხვავებულია. ძალიან რთულადაა საქმე, ინფლაცია უკავშირდება მოსახლეობის ფართო მასების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და რაც მეტხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ინფლაცია გაიზრდება და კიდევ მეტი ადამიანი მოხვდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და მეტი ადამიანი მოითხოვს დახმარებას. მდგომარეობა მუდმივად უარესდება, რასაც ჯერჯერობით ვერაფერს ვუპირისპირებთ", - აცხადებს პაატა აროშიძე.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევით, პრობლემათა რიგებში სიმწვავით მეორე ადგილზე დგას ინფლაცია. თუ 2020 წლის აგვისტოში ინფლაციას ეკონომიკის უმთავრეს პრობლემად გამოკითხულთა 33%-ი მიიჩნევდა, 2020 წლის დეკემბრისთვის ამგვარად გამოკითხულთა 45%-ი ფიქრობს.

აღსანიშნავია, რომ წლიური ინფლაციის კვლავ მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა, სავარაუდოდ, იმაზე ნაკლებად, ვიდრე 24 დეკემბრის პროგნოზით, რომელიც 2021 წლის პირველ ნახევარში წლიურად ფასების 6.0%-ზე მაღალ მატებას გულისხმობდა. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, ეროვნული ბანკის მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 3.91 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 4.3%-ით მეტია, ხოლო წინა წლის დეკემბრის მაჩვენებელს 11.5%-ით აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system