თავში

"რუსეთთან მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხილვა გაგვიჭირდება"

"რუსეთთან მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხილვა გაგვიჭირდება"
რუსეთთან მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხილვა გაგვიჭირდება

დავით ზალკალიანის თქმით, ბოლო დროს საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს 3+3 ფორმატში აქტიურ მონაწილეობას აქტიურად მოუწოდებენ, თუმცა საქართველოს პირველ დიპლომატს ძნელად წარმოუდგენია საუბარი ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%.

ცნობისთვის, 3+3 ფორმატი ითვალისწინებს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და ასევე თურქეთის, ირანისა და რუსეთის ჩართულობას და სამშვიდობო ინიციატივებს.

თურქეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით თბილისის პოზიცია განმარტა.

„რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ თურქეთის, რომელიც ზრუნავს, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა, რეგიონის სტაბილურობა დიდწილად არის დამოკიდებული იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება და რომლებიც ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება მისაღები ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ეს თანამშრომლობა, უპირველესად, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების პატივისცემას. უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მაქვს მხედველობაში. ძნელად წარმოსადგენია საუბარი ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და სამწუხაროდ, აგრძელებს არამართლზომიერ და არაკანონიერ ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბორდერიზაცია იქნება ეს თუ უკანონო დაკავებები, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების განხილვაც კი გაგვიჭირდება. მე ამას ძალიან მკაფიოდ განვუმარტავ ჩემს თურქ კოლეგას. იმედი მაქვს, ამას გაგებით მოეკიდებიან“, - განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ პირველ რიგში სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში კავშირები უნდა გაძლიერდეს.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი დიპლომატი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვივე-პრემიერი, დავით ზალკალიანი, ანკარაში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისა და ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ ის ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. ვიზიტის დასასრულს კი, დავით ზალკალიანი მოინახულებს საქართველოს საელჩოს ანკარაში, სადაც სიმბოლურად აღინიშნება დიპლომატიური მისიის გახსნის 100 წლის იუბილე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system