თავში

საქართველოდან 209.3 მილიონის ინვესტიცია პანამიდანაა გატანილი

საქართველოდან 209.3 მილიონის ინვესტიცია პანამიდანაა გატანილი
საქართველოდან 209.3 მილიონის ინვესტიცია პანამიდანაა გატანილი

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გოგა ხიშტოვანი სტატისტიკაზე დაყრდნობით ამბობს, რომ 2020 წელს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფაქტობრივად, არ შემოსულა, უფრო მეტიც, ქვეყნიდან რაღაც ტიპის ინვესტიციები გავიდა. საქსტატის მიხედვით, პანამიდან გატანილი ინვესტიციის მოცულობა 209.3 მილიონია. ხიშტოვანი ამბობს, რომ პანამური ინვესტიციები დიდწილად ტურიზმის განვითარების ფონდთან და სხვა აქტივებთან ასოცირდება, რომლის უკანაც ბიძინა ივანიშვილი დგას.

"გამოჩნდა, რამდენად დიდი იყო ასეთი პანამურ-ივანიშვილური გავლენა მთლიან ინვესტიციებში. როგორც ჩანს, ამ იურიდიული ოპერაციით, რომლის მიხედვით, პანამურ კომპანიაზე დარეგისტრირებული აქტივები საბოლოო ჯამში გადაფორმდა ქართულ კომპანიაზე, ფორმალურად, გამოჩნდა როგორც ქვეყნიდან გასული ინვესტიცია“,- განმარტავს ხიშტოვანი და დასძენს, რომ ხელისუფლებამ საინვესტიციო მიდგომები და პოლიტიკა უნდა შეცვალოს. 

ანალოგიურად ფიქრობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძეც. ინვესტიციების 91 პროცენტი ე.წ. რეინვესტირება იყო, ანუ კომპანიებმა ჩატოვეს ფული ქართულ ბიზნესში. მხოლოდ 56 მილიონი დოლარი იყო სუფთად გარედან შემოსული, რაც გოცირიძის შეფასებით, საგანგაშოა. გოცირიძე შენიშნავს, რომ ინვესტიციების უდიდესი ნაწილი საფინანსო სექტორზე მოდის, ანუ ეს ან გრძელვადიანი კრედიტებია ან წარსულში აღებული სესხების ბანკების კაპიტალში ჩაბრუნება.

რომან გოცირიძე იხსენებს, რომ საქსტატი ინვესტიციების დრამატულად შემცირებას ხსნის იმით, რომ შეიცვალა რეზიდენტი, ანუ კაპიტალი უცხოელის საკუთრებიდან გადავიდა “საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში”, ანუ გოცირიძის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ იყო სხვა ქვეყნის მოქალაქის თუ იურიდიული პირის, გახდა ჩვენი.

"სინამდვილეში, ამას კაპიტალის გატანა თუ გაქცევა ჰქვია. თვალსაჩინოებისათვის ერთი მაგალითიც კმარა: მსოფლიოში ცნობილი ბანკი, სოსიეტე ჟენერალე, 2016 წელს გავიდა საქართველოს ბაზრიდან. მიჰყიდა თავისი აქციები თი-ბი-სი ბანკს 340 მილიონ ლარად, გაიტანა დაახლოებით 140 მილიონი დოლარი და წავიდა, ანუ “რეზიდენტი შეიცვალა”. ვითომ არაფერი, ხომ?ვნახოთ ახლა რომელი “რეზიდენტი შეიცვალა” გასულ წელს საქართველოში. ერთი კონკრეტული მაგალითი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკიდან: ვიღაცამ შარშან პანამაში გაიტანა 209 მილიონი დოლარი. პანამა ვისთან და რასთან ასოცირდება, კი ვიცით. აქ ორი რამ უნდა ვივარაუდოთ: პირველი, ივანიშვილმა საქართველოში არსებული თავისი პანამური კომპანიის აქტივები მიჰყიდა ვიღაც “ქართველს”-საქართველოს რეზიდენტს და ფული ოფშორში, პანამაში გადაიტანა, ან თავისი პანამური კომპანის წილი “მიყიდა” “საკუთარ თავს” საქართველოში. ერთსა და მეორე შემთხვევაშიც ფინანსურად კაპიტალის გატანა ფიქსირდება. აქ ისიცაა გასარკვევი, პანამიდან შემოსული ფული თავის დროზე აქედან გასული იყო და უკან შემობრუნებული თუ სხვა ოფშორებიდან პანამაში აკუმულირებული, სანამ ვიკილიქსში ამბები არ გასკდებოდა და პანამა უსაფრთხო თავშესაფრად იყო მიჩნეული ბევრისათვის. ასეთი ჩახლართულია ჩვენი უცხოური ინვესტიციების წარმომავლობა. ასე იცის ბიზნესის “შავად” და გაუმჭვირვალედ წარმოებამ, როცა გამოძიების ჩატარებაა საჭირო, რომ მივხვდეთ, როგორც იტყვიან, თუ “რასთან გვაქვს საქმე," - ამბობს რომან გოცირიძე. 

ცნობისთვის, საქსტატი FDI-ის შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად ასახელებს რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ დოლარით შეამცირა.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. შარშან საქართველოში FDI 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა 49.9%-ით, მეორეზე - ნიდერლანდი 27.9%-ით, მესამეზე - თურქეთი 17.5%-ით. მთლიანობაში სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, 95.3% შეადგინა.სად გაიზარდა ინვესტიციები და, პირიქით, რომელ სექტორებში აღარ ჩადეს ფული უცხოელმა ინვესტორებმა შარშან საქართველოში, ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system