თავში

ფინანსთა მინისტრი: საქართველოს ექნება ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

საქართველოს ექნება ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
ფინანსთა მინისტრი:  საქართველოს ექნება ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია კოვიდ 19-ის ნეგატიური გავლენების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს წარმატებულად აფასებს და მხარს უჭერს ჩვენს სტრუქტურულ რეფორმებს”, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს სსფ-ის მიერ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის შეფასებისას.

ქვეყნის პირველი ფინანსისტის თქმით, ფონდის მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა დროული და სწორი ნაბიჯები კოვიდ-19-ის ნეგატიური გავლენების მაქსიმალურად შესამცირებლად.

ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა დაიწყებს ზრდას და საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს ექნება ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

„მომავალი წლიდან ჩვენ გავაგრძელებთ მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულირებას, ასევე, გაგრძელდება ღონისძიებები როგორც სოციალური, ისე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, საქართველოში შენარჩუნდეს სტაბილური ეკონომიკური გარემო და ეკონომიკის აღდენა დაიწყოს, რაც შეიძლება სწრაფად,“ - ამბობს მაჭავარიანი.

მისივე თქმით, დადებითად ფასდება ისიც, რომ ბიუჯეტის თანაბარზომიერმა შესრულებამ, ხელი შეუწყო სახელმწიფო ინვესტიციების და დღგ-ს დაბრუნების დაჩქარებას.

"განსაკუთრებით მნიშვნელივანია, რომ სსფ მიესალმება და მხარს უჭერს ჩვენს სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც მიუხედავად გამოწვევებისა, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს,“ - აღნიშნავს მაჭავარიანი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. მათი აზრით, ეკონომიკის ზრდა მომავალ წელს განახლდება და 4.3 პროცენტს მიაღწევს. წინა, 5%-იანი ზრდის პროგნოზის შეცვლის მიზეზად ფონდი ასახელებს რეგიონული დაძაბულობასა და პანდემიური მოვლენების გამძაფრებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ ვირტუალურ ფორმატში მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით იმუშავა მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის სსფ-ის აღმასრულებელ საბჭოზე დამტკიცების შემდეგ, საქართველო დამატებით მიიღებს, დაახლოებით, 112.1 მლნ აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system