თავში

სახელმწიფო საწარმოები ისევ ზარალზე არიან

სახელმწიფო საწარმოები ისევ ზარალზე არიან
სახელმწიფო საწარმოები ისევ ზარალზე არიან

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებაზე მუშაობს, თუმცა სახელმწიფო კომპანიები ჯერ კიდევ ზარალზე არიან. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სახელმწიფო საწარმოებს ჯერ აუდიტორული დასკვნები არ წარუდგენია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მათი უმეტესობა ზარალიანი იქნება. როგორც კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის შესრულების ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, აქამდე საწარმოების ანგარიში ბიუჯეტთან ერთად არასოდეს კეთდებოდა, თუმცა მთავრობას მონახაზი აქვს და სურს, ეს პრაქტიკა შეცვალოს.

„გვინდა, რომ საწარმოები, რომლებიც კორპორაციები არ არიან და ბიუჯეტიდან სრულად დამოუკიდებელი არ არიან, მათი ანგარიშები ეტაპობრივად მოვიცვათ, თუმცა მსგავსი რამ ახლა არ ხდება. 2020 წელი სახელმწიფო საწარმოებისთვის მძიმე იყო, გასულ წელს ჯერ არ გვაქვს სრულყოფილი დოკუმენტაცია, აუდიტორული დასკვნები არ გვაქვს, თუმცა 6 თვის ჭრილში ექნებათ წარმოდგენილი ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროში და გავაანალიზებთ მას, თუმცა მოსალოდნელია, რომ საწარმოების უმეტეს შემთხვევაში იქნება ზარალები და მთლიანი მონაცემები, ჯამური სახელმწიფო საწარმოების ალბათ უარყოფითი იქნება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ და დასძინა, რომ მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას და დასკვნას ელოდება.

„სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს, წამყვანი არის ეკონომიკის სამინისტრო, თუმცა ჩვენ ველოდებით სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიას, რომელიც მუშაობს და დასკვნა და რეკომენდაცია უნდა დადოს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს რეფორმის ნაწილი და რა ტიპის საწარმოებს უნდა შეეხოს. ამ მიმართულებით გაგრძელდება აქტიური მუშაობა“, - განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფო საწარმოებმა 2019 წელს, ჯამში, 237 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს, 2018 წელს კი, მათი ზარალი 816 მილიონი ლარი იყო. სახელმწიფო საწარმოების უმეტესობას 2020 წლის ფინანსური შედეგები ჯერ არ გაუსაჯაროებია, თუმცა რკინიგზის ანგარიშის თანახმად ცნობილი ხდება, რომ გასულ წელს კომპანიამ 164 მილიონი ლარით იზარალა.

სახელმწიფო კომპანიების რეფორმირებაზე მუშაობა ჯერ კიდევ გიორგი გახარიას პრემიერობის დროს დაიწყო. ექსპრემიერი გახარიას დაწყებულ საქმეს აგრძელებს ამჯამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამბობს სახელმწიფო საწარმოების რეფორმას მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მის განხორციელებაში ჩართულნი არიან აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი.

სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფიც, რომელიც შეიმუშავებს თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტულ გეგმას, რათა საბოლოოდ, სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.

შეგახსენებთ,საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების რეფორმას იწყებს. 5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა პირველ ეტაპზე გულისხმობს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან 10-15 საწარმოს რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ყველა იმ დარგში, რომელსაც ეკონომიკაზე დადებითი გავლენა შეუძლია.

2019 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაშია 352 საწარმო, საიდანაც 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი 179 - ცენტრალურის მფლობელობაში.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ახალ ეტაპზე გადავიდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system