თავში

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ახალი ეტაპი იწყება

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ახალი ეტაპი იწყება
სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ახალი ეტაპი იწყება

„ჩვენ სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით ახალ ეტაპზე გადავდივართ. პირველი ასეთი სახელმწიფო საწარმო იქნება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომლის რეფორმირების მოსამზადებელი ეტაპი 1,5 წლის წინ დაიწყო,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს.

მისი თქმით, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობენ მსოფლიო ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან.

მინისტრის განცხადებით, ამ დღეებში მოხერხდა, რომ ეს საწარმო გაკოტრების რეჟიმიდან გამოვიდა, რომელშიც წლებია, იმყოფებოდა. „ეს საწარმო სრულფასოვანი იქნება. ჩვენი ამოცანაა, ჩამოყალიბდეს ისეთი გამჭვირვალე და მიმზიდველი კორპორაციული სტრუქტურა, რომელიც სამომავლოდ შეძლებს, დამოუკიდებლად მოიზიდოს დაფინანსება და შეასრულოს ის მნიშვნელოვანი მისია, რაც არის მაღალი ძაბვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, შეიქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით შეარჩევს კანდიდატებს სამეთვალყურეო საბჭოსთვის. 

„სამეთვალყურეო საბჭო არის კორპორაციების მნიშვნელოვანი ატრიბუტი, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ყველა გადაწყვეტილება მიიღება გამჭვირვალედ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საწარმოში კი თანამედროვე კორპორაციული სტრუქტურა ამოქმედდება,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

შეგახსენებთ,საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების რეფორმას იწყებს. 5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად.

2019 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაშია 352 საწარმო, საიდანაც 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი 179 - ცენტრალურის მფლობელობაში.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა პირველ ეტაპზე გულისხმობს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან 10-15 საწარმოს რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ყველა იმ დარგში, რომელსაც ეკონომიკაზე დადებითი გავლენა შეუძლია.

 სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ახალ ეტაპზე გადავიდა. შეიქნმა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, უხელმძღვანელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system