თავში

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმართ უნდობლობაა

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმართ უნდობლობაა
სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმართ უნდობლობაა

სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით ეკონომისტებს კითვები აქვთ. როგორც ,,ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" დამფუძნებელი, ეკონომისტი პაატა შეშელიძე აცხადებს, გაუგებარია, რატომ არ შეიძლება პრივატიზების და დენაციონალიზების გზით წასვლა და რატომ უნდა წავიდეთ ბიუროკრატიული გადახალისების და ადამიანების საკადრო ჩანაცვლების გზით იმ კომპანიებში, რომლებიც არ მუშაობენ საბაზრო პრინციპებით? შეშელიძე ეჭვობს, რომ რეფორმასთან დაკავშირებით მთავრობის განცხადება ბლეფია და დროის ხარჯვასა და საკადრო ცვლილებას ემსახურება.

,,არ ვიცი ზუსტად,  რომელ საწარმოებზეა საუბარი, სია არ მინახავს, თუმცა არ მესმის, რატომ არ შეიძლება მათი პირდაპირ პრივატიზება, რატომ უნდა ვაგრძელოთ ექსპერტიმენტი, ვხარჯოთ დრო და ენერგია, როცა მარტივი გამოსავალი არსებობს. ამასთან, მეჩვენება, რომ რეფორმის განხორციელება რეორგანიზებით, კადრების ცვლილების მოტივით არის განპირობებული, რითაც ერთი კლანი მეორეთი ჩანაცვლდება. ზეპირ განცხადებებს ვერ ვენდობი, სანამ არ გვექნება რეალური გეგმა და მის საჯაროობაში არ ვიქნები დარწმუნებული. საწარმოები გაკონტრებამდე მიიყვანეს და არავინ ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. აქედან გამომდინარე, ვეჭვობ, რომ ესეც მორიგი ბუტაფორიაა. ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, რა დარჩა სახელმწიფოს საკუთრებაში, ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ როცა საუბარია რეფორმაზე, არავინ დასვა პრივატიზაციის საკითხი,. საწარმო უნდა იყოს საკუთარი რისკით მოქმედი, მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია და არა ისეთი, როგორიც ახლაა - ზარალზე მიდიან და მერე იძულებული ვართ ბიუჯეტიდან დავაფინანსოთ და შევუნარჩუნოთ სტატუსი.  ბევრად გონივრული იქნება, თუ მოხდება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება, რომლებიც მოგებაზე იქნება ორიენტირებული. სხვა შემთხვევაში საკადრო ცვლილება იქნება დროის ფუჭი ხარჯვა, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, მმართველი პარტიისთვის მისაღები, საინტერესო პიროვნებების დასაქმების მიზნით მიღებული გადაწყვეტილება", - აცხადებს პაატა შეშელიძე.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით ახალ ეტაპზე გადადის. ხოლო პირველი ასეთი სახელმწიფო საწარმო იქნება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომლის რეფორმირების მოსამზადებელი ეტაპი 1,5 წლის წინ დაიწყო. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს.

მისი თქმით, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობენ მსოფლიო ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან.

მთავრობის გეგმა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებასთან დაკავშირებით, არც ოპოზიციურ სპექტრს მოსწონს.  ლელოს" ერთ-ერთი წევრი გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ ეს არის მორიგი ბლეფი.  მიქაუტაძე დარწმუნებულია, რომ ამას ისევე არ მოყვება შედეგი, როგორც აქამდე მთავრობის გაკეთებულ მსგავს არაერთ განცხადებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system